ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი:„ევროპამ დაინახოს, საქართველოს ასეთი ტურნირების ჩატარება შეუძლია“

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც იყო, რომელიც საქართველოს და რუმინეთში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი. კერძოდ, წიტაიშვილი, სიგუა და მექვაბიშვილი თავიდანვე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. გარდა ამისა, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან (20 ივნისი) მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი რამაზ სვანაძის გუნდს შეუერთდება.

„პირველივე დღიდან ფედერაციასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროპამ დაინახოს, რომ საქართველოს ასეთი დონის ტურნირების კარგად მასპინძლობა შეუძლია.

ახალგაზრდულ ნაკრებთან მიმართებაში მოთამაშეების განაწილების თაობაზე დიდი პოლემიკა გვქონდა, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ასეთ შემთხვევებში ერთმანეთს ვესაუბრებით და კომპრომისს ვპოულობთ. რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად მექვაბიშვილი, სიგუა და წიტაიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდნენ. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ამ თემაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ეროვნული ნაკრები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია, თუმცა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებს შეუერთდება“.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველო პირველ მატჩს 21 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს. ვინაიდან ვილი სანიოლის გუნდი ევროშესარჩევის მატჩს შოტლანდიასთან სტუმრად 20 ივნისს ჩაატარებს. პორტუგალიასთან მამარდაშვილის, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის თამაშის შანსი მცირეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტურში ბელგიას შეხვდება (24 ივნისი), მესამე ტურში - ნიდერლანდებს (27 ივნისი). მეორე და მესამე ტურში აღნიშნული ტრიოს თამაშის შანსი დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები