ხელფასის გაზრდა დაიმსახურა - სპალეტი ახალ კონტრაქტს გააფორმებს
იტალიური გაზეთის, Repubblica-ს ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. ხელშეკრულება 2025 წლამდე გაფორმდება და სპალეტის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. წყარო მოლაპარაკების ფინანსურ დეტალებზე არ წერს, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონში „ნაპოლის“ კვლავ სპალეტი გაწვრთნის.
64 წლის გამოცდილი სპეციალისტი „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის მაისში დაინიშნა, როცა ჯენარო გატუზო შეცვალა. 2021-22 წლების სეზონში „ნაპოლი“ სერია ა-ში 79 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, იტალიის ჩემპიონობა 33-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი უდიდესია.
გარდა ამისა, ამავე სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, მეოთხედფინალამდე გავიდა, სადაც „მილანთან“ დამარცხდა.
სპალეტი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დასახელდა (2005-06, 2006-07), თუმცა სკუდეტო პირველად მოიგო. მას შემდეგ რაც სპალეტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელია, სერია ა-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დასახელდა (2021 წლის სექტემბერი, 2002 წლის თებერვალი, 2022 წლის ოქტომბერი, 2023 წლის იანვარი).