„რთულია დღეს ისეთი ადამიანის პოვნა, როგორიც მერაბია“ - ალჯომ დვალიშვილზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის 4-გზის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ, ESPN MMA-სთან ინტერვიუს დროს თავის საუკეთესო მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში მისი ყოფნით ძალიან ბედნიერია.
რა თქვა ალჯომ:
დღეს რთულია იპოვო ისეთი კარგი ადამიანი, როგორიც მერაბია, რომელსაც ყოველთვის ენდობი... მას მთელი გულით ვენდობი. ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმოგზაურობთ. დატოვებული ჰყავს თავისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ჩემთვის ყველაფერს აკეთებს, ისევე როგორც მე მისთვის. პირდაპირი მნიშვნელობით, მერაბს შეუძლია თავისი ტანსაცმელი გაიხადოს და გაჩუქოს, აი ასეთი ადამიანია და საკმაოდ თავმდაბალიცაა. მის ქვეყანაში, საქართველოში ვიყავი წასული, ის კი ჩემთან, იამაიკაში წამოვიდა. ამავდროულად, ის შესანიშნავი ქველმოქმედიცაა. ჩემთვის, ეს დალოცვაა, მეტი არაფერი. არ მგონია, ამაზე მეტად ვინმე იყოს დალოცვილი, როდესაც გუნდში ასეთი ადამიანი გყავს. არა მხოლოდ ის, რეი, ალი, მეტი... ისინი დიდ ძალას მაძლევენ და მათთან ერთად ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგის მსგავსად, მერაბ დვალიშვილიც სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში გამოდის და ამ დროისთვის, დივიზიონის პირველი ნომერია. UFC-ის პრომოუტერები აქტიურად მოუწოდებდნენ როგორც მერაბს, ისე ალჯოს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ საჩემპიონო ორთაბრძოლა გაემართათ, თუმცა ორივე მებრძოლი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სტერლინგის მომავალი მეტოქე შონ ო’მალი იქნება, ბრძოლა კი დიდი ალბათობით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ალჯო წონის შეცვლასა და მერაბისთვის საჩემპიონო გზის გახსნას გეგმავს.