ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

EJU: ქართული ფინალის მოლოდინში | შეძლებს ბექაური კომპლექტის შეკვრას?

რამდენიმე დღეში, კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე კი ევროპული ძიუდოს კავშირი მსოფლიო პირველობის ფავორიტების შესახებ ეტაპობრივად გვთავაზობს ინფორმაციას.

EJU-ს ყურადღების ცენტრში ამჯერად -90 კგ. წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ფავორიტი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლაშა ბექაური მოხვდა.

რა წერია EJU.NET-ზე:

ბოლო სიახლეების მიხედვით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, დავლატ ბობონოვი დოჰაში ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს, რაც დანარჩენი სპორტსმენებისთვის კარგი ამბავია.

ბობონოვის გამოკლებით, ტურნირზე პირველი ნომრის სტატუსით IJF-ის მასტერსის გამარჯვებული, იაპონელი სანშირო მურაო იქნება წარმოდგენილი. 22 წლის ძიუდოისტს ჯერ კიდევ არ მიუღწევია სენიორთა სტატუსისთვის და არ შეხვედრია ამ კატეგორიის სპორტსმენებს, რის გამოც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მას დიდი მისია ექნება. გათამაშების მეორე მხარეს კი პოტენციური ფინალისტი ლუკა მაისურაძე იქნება, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ცოტა ხნის წინ, თბილისის გრანდ სლემის ფინალში თანამემამულე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან დამარცხდა.

მაისურაძეც და ბექაურიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. წყვილი ამჯერადაც სხვადასხვა ბადეში იქნება და დიდი შანსია საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური, ქართული ფინალი ვიხილოთ. ბექაურს შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებით როგორც კადეტთა, ისე იუნიორთა კატეგორიაში, ახლა კი შეუძლია ოქროს მედალი სენიორებშიც აიღოს და ამით, -73 კილოგრამში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილს შეუერთდეს და ისტორიაში შევიდეს როგორც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ბექაური ნახევარფინალში დავლატ ბობონოვის წინააღმდეგ დამარცხდა, რის გამოც ბრინჯაოს მედალზე იჭიდავა და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ბექაურის მსგავსად, ლუკა მაისურაძემაც თავისი შეხვედრა ნახევარფინალში დათმო და მასაც მესამე ადგილისთვის მოუწია ბრძოლა.

ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 7 მაისიდან დაიწყება, -90 კგ. წონით კატეგორიაში შეჯიბრი კი 11 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიკაძე VS ორტეგა? - UFC ორივე მხარეს დაუკავშირდა
ჭიკაძე VS ორტეგა? - UFC ორივე მხარეს დაუკავშირდა