სპალეტის შეურაცხყოფისთვის დასაჯეს | რა გადაწყვიტა სერია A-მ?
სერია A-ს 31-ე ტურში, „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. მატჩის შემდეგ, „პარტენოპეის“ თავკაცს, ლუჩანო სპალეტის და „იუვეს“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ასისტენტს, მარკო ლანდუჩის შორის ინციდენტი მოხდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ლანდუჩი მატჩის მთავარი არბიტრის მუშაობით განრისხებული დარჩა და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში, სპალეტის „მელოტი განავალი“ უწოდა. ალეგრის ასისტენტის ქმედებები შეხვედრის დელეგატების მოხსენებაში იყო აღწერილი და სერია A-ს სპორტულმა სასამართლომ მომხდარის გამო, ლანდუჩი დასაჯა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ლანდუჩიმ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 5 000 ევროს გადახდა მოუწევს. იგი სამწვრთნელო შტაბში „იუვეს“ მომდევნო შეხვედრაში ვერ იქნება, რომელსაც „ბიანკონერი“ „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ მატჩში „იუვენტუსს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს და იტალიური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ალეგრის ასისტენტის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია.