დე ლაურენტისი შესაძლოა მილანთან მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია
მთელი ნეაპოლი ისტორიულ გამარჯვებას ელის. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ განმეორებით მატჩში „მილანს“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, „პარტენოპეი“ ნახევარფინალში გავა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ასეთ მნიშვნელოვან მატჩს შესაძლოა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერ დაესწროს.
ავტორიტეტული გამოცემა Repubblica იუწყება, რომ აურელიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრა აქვს ჩანიშნული და ეს ყველაფერი „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩს ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ „პარტენოპეის“ ქომაგებში ეჭვს იწვევს.
მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ გულშემატკივრები პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი გუნდის თამაშებზე დასასწრები ბილეთების ფასის გაზრდაა.
მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, დე ლაურენტისი ნეაპოლში დაცვის ესკორტით გადაადგილდება. ქომაგები ფიქრობენ, რომ თუ ის „მილანთან“ მატჩს არ დაესწრება, ეს მათთან თავის არიდება იქნება.
მიუხედავად ამისა, ყველა ბილეთი გაყიდულია და დიეგო მარადონას სახელობის სტადიონი მთლიანად გაივსება. „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს