რომან დოლიძე
Aa
Aa

“ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა“ - რომან დოლიძის პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, რომან დოლიძე სულ მალე UFC-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველის მეტოქე მარვინ ვეტორი იქნება. ბრძოლამდე კი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დოლიძემ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა დოლიძემ?

UFC-ის ყოველთვის ვეუბნები, რომ უკეთესი მოწინააღმდეგეები შემახვედროს. მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ყოველთვის მისმენენ. არ მეგონა, რომ მარვინს შემახვედრებდნენ, მაგრამ ასეა და ახლა ის ჩემი შემდეგი კარგი მოწინააღმდეგეა. მზად ვარ! ზოგადად, ყველა მებრძოლი კარგი მოწინააღმდეგეა. არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვიბრძვი, მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემ. UFC-ში ჩხუბი ყველასთან რთულია, მაგრამ არასდროს ვფიქრობ ვის როგორი სტილი აქვს. გავდივარ ოქტაგონზე და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ყველა ჩემს ნოკაუტებს უყურებს და ფიქრობენ, რომ მხოლოდ სტრაიკინგით შემიძლია გამარჯვება.

გეგმა არასდროს მაქვს. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა. მთავარი ის არის, თუ ვინ მე ვარ მე და ეს საკმარისია. არანაირი სხვაობა არ არის ევროპასა და ამერიკაში ჩხუბს შორის. მიხარია, რომ აქ ვარ. დიახ, მე და მარვინი ერთ დროს ერთად ვვარჯიშობდით. ეს მაშინ მოხდა, როცა გიგა ჭიკაძესთან ვიყავი ჩასული, მაგრამ ასეთი ამბების გახსენება არ მიყვარს. მარვინმა თქვა რამე ამის შესახებ? იფიქროს, რაც უნდა. ბევრჯერ მოვისმინე, რომ მარვინისთვის ეს ბრძოლა პირადულია და არ მესმის რატომ. ჩვენ პროფესიონალები ვართ. მსურს, რომ საუკეთესოებს ვეჩხუბო. მარვინს ვიცნობ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე ყველას ვიცნობ UFC-ში. ასე რომ, არ მესმის რატომ საუბრობს ის ასე. პატივს ვცემ და ეს არაერთ ინტერვიუში მითქვამს.

თუ მას დავამარცხებ ტიტულისთვის ბრძოლას მოვითხოვ, რადგან ქამრისთვის უკვე ყველა მათგანმა იჩხუბა. რატომაც არ?! მარვინს მაღალი რეიტინგი აქვს და უფრო ცნობილიც არის. მასთან მოგება ტიტულთან უფრო დამაახლოვებს. უკრაინა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან სპორტული კარიერა იქ დავიწყე. იქ, რაც სპორტს და MMA-ს უკავშირდება, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. UFC-ში სწორედ უკრაინიდან მოვხვდი. იქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს და რამდენიმე დღის წინ სწორედ მათ გამო ჩავედი. უკრაინაში ხალხს ვუყვარვარ. მესმის, რომ საშიშია, მაგრამ არ არსებობს მსოფლიოში არაფერი, რაც იქ ჩასვლაში ხელს შემიშლის. ერთადერთი პრობლემა ფრენა იყო. ჯერ თურქეთში ჩავფრინდი, შემდეგ მოლდოვაში და შემდეგ მანქანით ბევრი ვიმგზავრე.

რა თქმა უნდა, საქართველოში ჩასვლასაც ვგეგმავ. ბრძოლის შემდეგ, იქ დაბრუნება მჭირდება, რადგან ბოლო 9 თვეში 4 ბრძოლა მქონდა და დასვენება აუცილებელია. ჩემს სამშობლოში ბიზნესიც მაქვს და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. MMA-ს ქართველ მებრძოლებს საქართველოში რთული პერიოდის გავლა მოგვიწია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ჩემს მშობლებს სურდათ, რომ კარგი განათლება მიმეღო და იმ პერიოდში ეს შეუძლებელი იყო. ამის გამო, მათ სასულიერო სკოლაში შემიყვანეს. მათ სურდათ, რომ განსხვავებული ცხოვრება და შეხედულებები მქონოდა.

ზოგადად, ცხოვრებაში, რაც მაქვს ამის მადლიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ეს არ არის იმაზე დამოკიდებული ვიქნები, თუ არა ტოპ მებრძოლი. რა თქმა უნდა, პრობლემები ცხოვრებაში ყველას გვაქვს, მაგრამ მე მუდამ მადლიერი ვარ იმისთვის, ვინც ახლა ვარ, როგორი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მომავალში."

ცნობისთვის, დოლიძის და მარვინის დაპირისპირება UFC 286-ის „მეინ ქარდს“ გახსნის. ბრძოლა 19 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, რომანი საშუალო წონის რეიტინგში მე-4 ადგილზე აღზევდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები