მერაბი: „იანის დამარცხება ჩემთვის ტიტულის მოგებაზე მნიშვნელოვანია“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა The Schmo-ს ინტერვიუ მისცა და პიოტრ იანთან ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ იანთან უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელის და მისთვის პიოტრის დამარცხება საჩემპიონო ქამრის მოგებაზე მნიშვნელოვანია.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს. მინდა, ეს ბიჭი მაგრად ვცემო. არ მაინტერესებს ჩემი ჩხუბი მთავარი მოვლენაა თუ არა. არ მაინტერესებს ფული. მხოლოდ ის მინდა, რომ იანი დავამარცხო. პიოტრი გიჟია. ჩემპიონი იყო და წესები არ იცოდა. ახლაც ფიქრობს, რომ ყველა წაგებული ბრძოლა მოიგო. მაგრად სცემეს, მაგრამ მაინც ჰგონია, რომ გაიმარჯვა. შევეცდები, თავმდაბალი გავხადო და ვნახოთ, რა მოხდება.
ჩემს ყოფილ მეტოქეებს დიდ პატივს ვცემდი, იანის მიმართ კი არანაირი სიმპათია არ მაქვს. იგი კარგი მებრძოლი და მეოჯახე ადამიანია, მაგრამ ნამდვილი სულელია. პიოტრი რუსი მჩაგვრელია. მინდა, დავაფინიშო და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ დავანოკაუტო. საჩემპიონო ქამარს რაც შეეხება, ამ ბრძოლის შემდეგ უნდა ვნახოთ, რა მოხდება. თუ ალჯამეინ სტერლინგმა მაღალ წონით დივიზიონში ასვლა გადაწყვიტა, ქამრისთვის ვიჩხუბებ. თუ არა, სხვა მეტოქეს შევხვდები.
ძალიან, ძალიან მინდა, იანი დავამარცხო. მასთან გამარჯვება ჩემთვის საჩემპიონო ქამრის მოპოვებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩხუბი ჩემთვის პირად საკითხებს უკავშირდება. მთელი საქართველო მხარს მიჭერს და საიდუმლო არაა, რომ რუსები საქართველოსა და უკრაინას საშინლად ექცევიან. ეს ჩხუბი რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებაა. დიახ, MMA სპორტია, მაგრამ იანთან ბრძოლა ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩხუბი და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.