ლოჩოშვილმა 35-ე წუთიდან ითამაშა - კრემონეზეს დასანანი მარცხი სასუოლოსთან
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 3:2 დამარცხდა.
ქართველი მცველი შეხვედრის სტარტზე სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოედანზე 35-ე წუთზე, ტრავმირებული ჩირიჩეს ნაცვლად გამოჩნდა და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ლოჩოშვილის შემოსვლის დროს მასპინძლები 1:0 იგებდნენ, თუმცა ლუკას გამოჩენიდან მალევე სხვაობა 2-ბურთამდე გაზარდეს. გოლი ფრატესის ანგარიშზეა, რომელმაც კარისკენ დარტყმა ქართველ მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ შეძლო.
მეორე ნახევრის შუაში კრემონელები რამდენჯერმე გადაურჩნენ მესამე გოლის გაშვებას, თუმცა ყველაფერი მაინც დავიდე ბალარდინისთვის სასურველი სცენარით წარიმართა. 62-ე წუთზე დესერსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ე წუთზე კი „სასუოლოს“ კარში დუბლი შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა.
ერთი შეხედვით, „კრემონეზემ“ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მიიღო და მესამე გოლის გასატანადაც გაიწია, თუმცა სამწუხაროდ, ბურთი საკუთარ კარში მიიღო. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ბაირამიმ „კრემონეზეს“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და „სასუოლოს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამჯერადაც, გოლი ლუკა ლოჩოშვილის პოზიციიდან გავიდა.
25 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს. ამდენივე ქულა აქვს ბოლოადგილოსან „სამპდორიას“ რომელიც მე-20 ადგილზე ბურთების უარესი შეფარდების გამო იმყოფება. დავიდე ბალარდინის გუნდს მე-17 ადგილამდე 9 ქულა აშორებს, მის წინ მყოფ „ვერონას“ კი 18 ქულა აქვს.
კრემონელები მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.