2 სამქულიანი - სან ანტონიოში მამუკელაშვილის დებიუტი შედგა
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს დიდ ინტერესს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოში“ სადებიუტო გამოსვლა იწვევდა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდი „ჰიუსტონ როკეთსთან“ 110:122 დამარცხდა. სანდრომ პარკეტზე 16 წუთი გაატარა, 6 ქულა ჩააგდო და 2 მოხსნაც მიითვალა.
სანდრომ შეხვედრა თადარიგში დაიწყო და თამაშში მეოთხე მეოთხედიდან გამოჩნდა. რაც შეეხება მის სტატისტიკას, მამუკელაშვილმა ფარისკენ ბურთი სულ ორჯერ გაუშვა, ორივე სამქულიანი იყო და ორივე ზუსტი გამოდგა. გარდა ამისა „მამუს“ 3 პერსონალური ჯარიმა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
რაც შეეხება „სან ანტონიოს“ 16 მოგებითა და 48 მარცხით პოპოვიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინ პოზიციას იკავებს და მიმდინარე სეზონი არც თუ ისე სახარბიელო აქვს.