351 ქულა ჩავარდა - კლიპერსისა და საკრამენტოს ისტორიული მატჩი
გამთენისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან გამოსარჩევი „ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „საკრამენტო კინგსის“ დაპირისპირება იყო, რომელიც „კინგსის“ სასარგებლოდ 175:176 დასრულდა. ჯამში 351 ქულა ჩავარდა. ეს ლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე შედეგიანი მატჩია.
NBA-ს რეკორდი 1983 წლის 19 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა „დენვერმა“ და „დეტროიტმა“ სამი ოვერტაიმი ითამაშეს და 184:186 (დეტროიტის სასარგებლოდ) დაფიქსირდა. ჯამში 370 ქულა ჩავარდა.
ამჯერად, „კლიპერსსა“ და „საკრამენტოს“ 2 ოვერტაიმი დასჭირდათ, რათა გამარჯვებული გამოვლენილიყო.
„კინგსის“ რიგებში საუკეთესო დე’აარონ ფოქსი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 42 ქულა, 12 პასი. ორმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისსაც - 20 ქულა, 10 მოხსნა.
„კლიპერსში“ საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო.
მასპინძელთა რიგებში დებიუტის მქონე რასელ უესტბრუკმა 17 ქულა და 14 გადაცემა ჩაიწერა.
„კინგსი“ 34 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „კლიპერსი“ ამავე კონფერენციაში 33 მოგებითა და 29 მარცხით მეხუთე პოზიციას იკავებს.