ბრწყინვალე შენგელია - ყოფილ გუნდთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელი თავის ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და ნიდერლანდებთან გამართული მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიასთვის“ ყველაფერი გააკეთა.
იტალიური კლუბი მასპინძელი იყო, შეხვედრა კარგად დაიწყო და 9 ქულით დაწინაურდა, თუმცა პირველი მეოთხედი 16:19 წააგო. მეორე პერიოდში, „ბასკონიამ“ ბოლონიელებს ვერაფერი მოუხერხა და მათგან 28 ქულა მიიღო, თუმცა, თავად 22 ჩააგდო და დიდ შესვენებაზე სტუმართა ჩამორჩენამ მხოლოდ 3 ქულა შეადგინა. მესამე მეოთხედი „ვირტუს ბოლონიამ“ 3 ქულით მოიგო და საბოლოოდ, უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა - 88:83.
გასაგები მიზეზების გამო, თოკო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18 წუთი და 33 წამი გაატარა. შენგელია თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 იყო და „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში, ამ მხრივ, იგი მხოლოდ მილოშ ტეოდოსიჩს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა გააკეთა.
VITTORIA ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) February 24, 2023
Carattere e fame: la Segafredo vince con il Baskonia trovando protagonisti diversi durante la gara ????????????
???? Teodosic 17, Belinelli 15, Shengelia 12, Abass 10#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/RRiVyEcT9I
ამრიგად, „ვირტუს ბოლონიას“ 12 მოგება და 13 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში, მე-12 ადგილს იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავენ და სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდებიან.