გოგა NBA-ში რჩება | მისი ახალი გუნდი ცნობილია
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, გოგა ბითაძე NBA-ში დარჩა. რამდენიმე საათის წინ, 23 წლის ცენტრი თავისუფალი აგენტი გახდა და ცნობილი ამერიკელი გამოცემების ინფორმაციით, მან ახალი გუნდი უკვე იპოვა.
Yahoo Sports-ის ჟურნალისტის, მარკ შტაინის ცნობით, ბითაძე „ორლანდო მეჯიქმა“ გაიფორმა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გოგა ინდიანაპოლისში იმყოფებოდა და მუშაობას განაგრძობდა. „ორლანდომ“ მის მიმართ ინტერესი გამოხატა და როგორც კი, ტერენს როსის გაშვებით შემადგენლობაში ადგილი გაათავისუფლა, ქართველ კალათბურთელთან თანამშრომლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, ამერიკულ პრესაში კონტრაქტის დეტალების შესახებ არაფერს წერენ.
The Magic say they have signed former Pacers first-round pick Goga Bitadze.
— Marc Stein (@TheSteinLine) February 14, 2023
More NBA from me: https://t.co/LGN9cVpeGP
„ორლანდოს“ 24 მოგება და 34 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად იბრძვის და მე-10 პოზიციაზე მყოფ „ტორონტო რეპტორსს“ 3 გამარჯვებით ჩამორჩება. „ორლანდოს“ საკმაოდ ღრმა შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ბითაძეს თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში, „ინდიანა პეისერსის“ მაისურით გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებდა, მისი სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ- 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება.