საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ჰატაისპორის ფეხბურთელი მიწისძვრაზე: „მე-7 სართულიდან გადმოხტომას ვაპირებდი“

„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის თანაგუნდელმა, კევინ სონიმ თურქეთში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. სონიმ მიწისძვრის დღე გაიხსენა და განაცხადა, რომ მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე, კრისტიან ატსუს ელაპარაკა.

„კასიმფაშასთან მატჩის შემდეგ სახლში წავედი და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ვიდეო თამაშებით ვერთობოდი. დილის 4 თუ 5 საათი იყო, როცა მიწისძვრა დაიწყო და ჩემს ბიძაშვილებს ვუთხარი, მშვიდად ყოფილიყვნენ, თუმცა როცა დავინახეთ, რომ ჭერი და კედლები ინგრეოდა, სახლის დატოვება გადავწყვიტეთ. ერთ მომენტში, იატაკი ორად გაიყო და მივხვდი, რამდენად სერიოზულ კატასტროფასთან გვქონდა საქმე. თავდაპირველად, ფანჯრიდან გადმოხტომა მინდოდა, მაგრამ მე-7 სართულზე ვცხოვრობ და ეს რომ გამეკეთებინა, ფეხს მოვიტეხდი ან უფრო სერიოზულ დაზიანებას მივიღებდი, რის გამოც, ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებდი. საბოლოოდ, ძალიან გაგვიმართლა და შენობა მანამ დავტოვეთ, სანამ ჩამოინგრეოდა.

მიწისძვრის ღამეს არ მიძინია, რადგან დილას ველოდებოდი, რომ მელოცა. რომ დამეძინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩემს შენობაში ყველაფერი ჩამოინგრა და შანსი არ მექნებოდა, გადავრჩენილიყავი. მომხდარის შემდეგ, ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივედი და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად აღმოვჩნდი. დიდი დრო იყო გასული, მაგრამ მიწისძვრა გრძელდებოდა და ყოველ 10 წუთში ბიძგები მეორდებოდა. 1 დღე არაფერი გვიჭამია და მხოლოდ წყალს ვსვამდით. ჩვენთან ერთად ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ და ხილი, რაც გვქონდა, მათ დავუთმეთ, შემდეგ კი ჩვენს წასაყვანად თვითმფრინავი მოვიდა.

ამ კატასტროფამდე, კრისტიან ატსუს ტელეფონით ვესაუბრე. მან კვირას გოლი გაიტანა და ვუთხარი, რომ კარგად ითამაშა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო დიალოგი იქნებოდა. მიწისძვრის შემდეგ, ვცადე, დავკავშირებოდი, მაგრამ კონტაქტზე ვერ გავედი და მეუბნებოდნენ, რომ ატსუ გარდაცვლილი იყო. ჰატაისპორის პრეზიდენტს ვესაუბრე და მითხრა, რომ ნანგრევებიდან შავკანიანი ადამიანი ამოიყვანეს, მაგრამ არ იცოდნენ, ის ატსუ იყო თუ არა. მისი ნანგრევებიდან ამოყვანა დადასტურებული არაა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორაა. ძალიან გამიმართლა რომ გადავრჩი, რადგან ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი დაიღუპა“.

ცნობისთვის, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვეკვესკირი: „ფეხბურთი პატარა ფინალებთან ასოცირდება“
კვეკვესკირი: „ფეხბურთი პატარა ფინალებთან ასოცირდება“