„წარმატების საიდუმლო მაღალი დონის სათამაშო ხარისხია“ - ნოველინო ნაპოლიზე
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა (1978-82) ვალტერ ნოველინომ TUTTOmercatoWEB-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. ნეაპოლური კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა (1999-00) „პარტენოპეის“ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეაქო.
„ნაპოლის“ წარმატების საიუდუმლო მაღალი დონის სათამაშო ხარისხია. გარდა ამისა, ჯუნტოლიმ სპალეტის ფორმაციის „ნაპოლიში“ რამდენიმე სრულყოფილი ფეხბურთელი მიიყვანა. კიმმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ლობოტკა ყველა კომპონენტში უნიკალურია. ლოსანომ გასულ წელთან შედარებით დიდი პროგრესი აჩვენა. ფუნდამენტური რამ არის ის, რომ ისინი გუნდს წარმოადგენენ, „ნაპოლი“ გუნდურად ძლიერია, რასაც „მილანზე“ ვეღარ ვიტყვით“.
შეგახსენებთ, ვალტერ ნოველინომ გასული წლის ნოემბეტში Radio CRC-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად „ნაპოლის“ ახალწვეულებზე ისაუბრა, რომლებიც გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდნენ:
„არავინ იცოდა, კვარაცხელია რამდენად კარგი მოთამაშე იყო. ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ „ნაპოლის“ დიდად ვერ გააძლიერებდა, გუნდისთვის დიდი ძალა ვერ გახდებოდა. მისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა. ნაცვლად ამისა, ახალწვეულებმა ეგრევე გაისროლეს და ჩვენ კულიბალის წასვლით გამოწვეული სინანულიდან კიმის განდიდებისკენ წავედით. სპალეტი „ნაპოლის“ ნამდვილი დამატებითი კაცია, რადგან შეუძლია იმ პოზიციებზე ათამაშოს ფეხბურთელები, რომ მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენონ“.
შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.