ანასტასია გუბანოვა, მარია კაზაკოვა, გიორგი რევია
Aa
Aa

მე-8 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე: კაზაკოვა-რევიამ პირადი მიღწევა გააუმჯობესა

ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით ეტაპზე ყინულზე მოცეკვავე წყვილებმა თავისუფალი პროგრამა შეასრულეს. 23 მონაწილეს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, მარიამ კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 175,82 ქულით მე-8 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ კაზაკოვასა და რევიას წყვილმა საკუთარი მიღწევა (14) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, სპორტული ცეკვების კატეგორიაში, ისტორიაში პირველად საქართველოს 2 წყვილის წარდგენის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10 ქულა დააგროვა, საერთო ჯამში კი 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული მიღწევაა.

გამარჯვების შემდეგ საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ISU-ს ესაუბრა.

„შოკში ვარ, ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. ვგრძნობდი, რომ საკუთარ გამოწვევებს გავუმკლავდი. სიხარულის ცრემლები საიდანღაც მოვიდა. ამ შეჯიბრში მონაწილეობა მორალურად ძალიან რთულია.

დღეს ჩემთვის გამოსვლა რთული იყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ საქმე შევასრულე. ეს პროგრამა ნამდვილად მომწონს. დიდი ხანია მსურდა, რომ ინდური მუსიკის თანხლებით შემესრულებინა. მოხარული ვარ, რომ ეს შანსი მაქვს. ამ პროგრამის შესრულებით სიამოვნებას ვიღებ. ზოგადად, მუსიკას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, სახლში ხშირად ვცეკვავ და ეს მამხიარულებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ. მე ნამდვილად მიყვარს ეს ქვეყანა, არქიტექტურა, კულტურა, ის ძალიან ლამაზია. სეზონის დაწყებამდე თბილისში ვიყავი, იქ ძალიან გემრიელი სამზარეულოა. ყველაფერი მივირთვი.

ჩემი ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში ჩემი მეორე ოჯახია. ბიჭები მხარს მიჭერდნენ. დმიტრი ალიევთან გულწრფელი საუბარი მქონდა. ის ევროპის ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცდილებას მიზიარებდა. დიდი მადლობა მას და მთელ ჯგუფს მხარდაჭერისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები