„დიდი მოლოდინები გვქონდა, წარმატებას ვუსურვებთ“ | ბორჟესს ქოჩორაშვილზე ჰკითხეს
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგი“ დატოვა და „სევილიაში“ გადავიდა. ანდალუსიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
„სპორტინგმა“ ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო მიიღო და ბონუსებით ეს თანხა კიდევ გაიზრდება. გიორგის წასვლის შემდეგ „ლომების“ მთავარ მწვრთნელს, რუი ბორჟესს პრესკონფერენციაზე მასზე შეკითხვა დაუსვეს. — როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ქოჩორაშვილთან მიმართებით?
ბორჟესი: „გიორგის ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. რა მოხდა? ეს ფეხბურთია... ვფიქრობ, ისეთ დროს გადმოვიდა, როდესაც მის მიმართ დიდი მოლოდინები გვქონდა. მან ძალიან ბევრი იშრომა, თუმცა სეზონის განმავლობაში ფიზიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც გარკვეულ მომენტებში გუნდს ვერ ეხმარებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ქოჩორაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემდა. ის ყოველთვის მზად იყო, ბოლომდე იხარჯებოდა და მომავალში დიდ წარმატებას ვუსურვებ“.
ცნობისთვის, „სევილიამ“ ქოჩორაშვილი უკვე განაცხადში შეიყვანა და შესაძლოა, მომდევნო ტურში გიორგი მოედანზე ვიხილოთ. ანდალუსიელები 22 აგვისტოს „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.