„ასეთი დიდი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით“ | დემჩენკოს კომენტარი
„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ „იაგელონიასთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო. დემჩენკომ შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა.
„დღევანდელი თამაშის შემდეგ მარცხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ასეთი დიდი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. თუმცა არბიტრებზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომლებმაც სკანდალურად იმსაჯეს. ევროტურნირებზე გვეგონა, რომ მსაჯობა შესაბამის დონეზე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა — როგორც მოედანზე, ისე VAR-ზე.
რეფერიმ გადამწყვეტ მომენტებში ორჯერ დაგვაზარალა — პენალტი ახლიდან დაარტყმევინა და წესების დაცვით გატანილი გოლი გაგვიუქმა. 50 წელი შემისრულდა და ნათელია, რომ მეტოქეს ჩვენთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, თუმცა საჩუქარი საკუთარი თავისთვის ჩვენვე უნდა გაგვეკეთებინა“.
ცნობისთვის, „იაგელონიამ“ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. როდესაც „იბერია 1999“ 0:2-ს აგებდა, ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა, თუმცა მისი გოლი ნიკოლოზ დადიანის ჯარიმის გამო გაუქმდა.