96 ნაკრები ერთა ლიგაზე - რაზე მსჯელობენ უეფა და კონკაკაფი
უეფა და კონკაკაფი (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ასოციაცია) მუშაობენ გაერთიანებული ერთა ლიგის შექმნაზე, რომელშიც ამ ორი ორგანიზაციის 96-ვე წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
გეგმის თანახმად, ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, პირველი გათამაშება კი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა გაიმართოს. ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარება შემოდგომაზე, სანაკრებო პაუზების დროს იგეგმება, პლეიოფი - მარტში, „ოთხთა ფინალი“ კი ივნისში.
ახალმა ტურნირმა ამჟამად მოქმედი საერთაშორისო მატჩები უნდა ჩაანაცვლოს, მატჩები კი გეოგრაფიული პრინციპით ჩატარდება, რათა შორეული ფრენები გამოირიცხოს. არაა გამორიცხული, რომ მომავალში ამ ტურნირს აზიის კონფედერაციაც შეუერთდეს.
გამოცემის თანახმად, იმის გამო, რომ მატჩები უკვე არსებული სანაკრებო პაუზების დროს გაიმართება, ახალ ტურნირს შესაძლოა ფიფას მხრიდან რატიფიცირება არ დასჭირდეს.