ინფანტინო უნდა გადადგეს - ჩეფერინი ალ ხელაიფის შეხვდა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა შეხვედრა გამართა ევროპის კლუბთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და „პსჟ“-ის ხელმძღვანელთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან, სადაც ფიფაში არსებული კრიზისი განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) პრეზიდენტი პატრის მოტსეპე. შეგახსენებთ, რომ მანამდე მან ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაუჭირა მხარი.
Talksport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ჩეფერინმა ხაზი გაუსვა ფიფას ხელმძღვანელობის შეცვლისა და მართვის სისტემის რეფორმირების აუცილებლობას. უეფა აპირებს ინფანტინოს პასუხისმგებლობა დააკისროს FIFA Forward Enterprise-ის პროექტის ჩავარდნის გამო და არ დათანხმდება არაფერს, გარდა მისი დაუყოვნებლივი გადადგომისა ან მარტში დაგეგმილ არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა.
აღინიშნება, რომ ჩეფერინი მზადაა, სათავეში ჩაუდგეს კამპანიას ინფანტინოსთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით. ამის განსახორციელებლად საჭიროა ფიფას 43 წევრის მხარდაჭერა, რის შემდეგაც შესაძლოა რიგგარეშე კენჭისყრა დაინიშნოს, თუ ინფანტინო კვლავ გააგრძელებს ბრძოლას თავისი პოსტის შესანარჩუნებლად.
უეფა მზადაა მხარი დაუჭიროს კანდიდატებს, რომლებიც შეძლებდნენ ინფანტინოს წინააღმდეგ გამოსვლას. პოტენციურ ვარიანტებს შორის არიან კონკაკაფის პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი, შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა. თუმცა, ჩეფერინი იმედოვნებს, რომ ინფანტინო კენჭისყრის დაწყებამდე გადადგება.
უეფას ასევე სურს ფიფას საპრეზიდენტო მოდელის გადახედვა. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს პრეზიდენტების როტაცია, რაც ერთი ადამიანის გავლენის შესუსტების საშუალებას იძლევა, ან პრეზიდენტის თანამდებობის სრულად გაუქმება და მისი თავმჯდომარის პოსტით ჩანაცვლება. ასევე, შესაძლოა შეიქმნას რამდენიმე ვიცე-თავმჯდომარისგან შემდგარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლისა და ურთიერთშეკავების დამატებით მექანიზმებს.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებმა პოზიტიურად ჩაიარა.