მარტინიკელ ფეხბურთელსა და მის მეუღლეს 100 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს
მარტინიკელი ფეხბურთელი, ჟან-მანუელ ნედრა და მისი მეუღლე პარიზის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს. ცნობილი ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ პირად ბარგში 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
29 წლის ნედრა მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა და მის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სასამართლომ მისი მეუღლე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ადგილობრივი პრესის ცნობით, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„გავიგეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელი ნარკოტრეფიკინგშია ბრალდებული და ჩვენთვის უცნობია, მისი ჩართულობა როგორია. მოდით, ისეთი ძლიერები ვიყოთ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ და განვაგრძოთ განათლების მიცემა სპორტის დახმარებით, რათა ჩვენი ახალგაზრდობა მსგავს გარემოში არსებული რისკებისგან დავიცვათ“, - ნათქვამია მისი გუნდის განცხადებაში.
ცნობისთვის, ნედრამ მარტინიკის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 2012 წელს ჩაატარა და სხვადასხვა დროს „მარინუაში“, „კლუბ კოლონიალში“ და „გოლდენ ლაიონში“ თამაშობდა. 2017 წელს, მან კონკაკაფის ოქროს თასზე ითამაშა და პანამისა და ნიკარაგუას ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს