მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

რუსული გამოცემა იანზე და მერაბზე: „პიოტრი უბრალოდ სხვა კლასია“

ცნობილმა რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Championat.com-მა პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორის მიხედვით, „თამამი ქართველი“ იანისთვის ბოლო შანსია, რომ ვარსკვლავური სტატუსი შეინარჩუნოს და მას „მანქანის“ დამარცხება ესაჭიროება.

„2022 წელი პიოტრ იანის წელი არ ყოფილა. თავდაპირველად, იგი ალჯამეინ სტერლინგთან გამართულ მატჩ-რევანშში დამარცხდა, არადა, თითქმის ყველა ვარაუდობდა, რომ საჩემპიონო ქამარი რუსეთში დაბრუნდებოდა. შემდეგ კი, პირველი პრეტენდენტის სტატუსი დაკარგა და მე-11 პოზიციაზე მყოფ ომალისთან წააგო. დიახ, იანმა ორივე მარცხში მსაჯები დაადანაშაულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პიოტრი შედარებით სუსტად გამოიყურებოდა. იგი არ იყო მებრძოლი, რომელსაც შევეჩვიეთ და იმედი გვაქვს, ახალ წელს მის ახალ ვერსიას ვიხილავთ.

ვის უნდა ეჩხუბოს იანი? მართალია, წაგებების გამო მისი რეპუტაცია დაზიანდა, მაგრამ კვლავინდებურად რჩება მებრძოლად, რომელთან ჯახიც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ სპორტსმენებს სურთ. ახლახან, იანმა პოსტი გამოაქვეყნა და კომენტარებში მერაბ დვალიშვილმა რუსი მებრძოლი გამოიწვია. სხვათა შორის, ეს პიოტრისთვის იდეალური ვარიანტია და დენა უაითმა ამ ჩხუბზე უნდა იფიქროს. მითუმეტეს, რომ დვალიშვილსა და იანს შორის დაპირისპირების ისტორია არსებობს. მერაბი სტერლინგის საუკეთესო მეგობარია და ალჯო უამრავჯერ დაუცავს. რუსსა და ქართველ მებრძოლს შორის სოციალურ ქსელებში ბევრი დაპირისპირება იყო და ისინი რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ.

დვალიშვილს ეს ჩხუბი სჭირდება, რათა ამ წონითი დივიზიონის სრულფასოვანი ვარსკვლავი გახდეს. დიახ, ქართველს სოლიდური სერია აქვს, მაგრამ მის მეტოქეთა შორის ტოპ დონის მებრძოლი პრაქტიკულად არ ყოფილა. თუ მერაბი ყოფილ ჩემპიონს დაამარცხებს, მისი აქციების ფასები გაიზრდება. თანაც, დვალიშვილს სტერლინგთან სატიტულო ბრძოლა არაფერში სჭირდება და ბევრჯერ განაცხადა, რომ საუკეთესო მეგობართან ჩხუბს არ აპირებს. ეს ბრძოლა, როგორც მერაბისთვის, ისე იანისთვის აუცილებელია. პიოტრს სჭირდება ისეთი მტკიცე მეტოქე, როგორიც დვალიშვილია და მოგების შემთხვევაში, მისი სუპერვარსკვლავის სტატუსის ეჭქვეშ დაყენება შეუძლებელი იქნება.

რა თქმა უნდა, მერაბი პიოტრს უმძიმეს ბრძოლას შესთავაზებს. ქართველ მებრძოლს ჭიდაობასთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ აქვს და ხარვეზების შემჩნევა სტრაიკინგშიც შეუძლებელია. დვალიშვილი რთული მეტოქეა და თან, სტერლინგი მერაბს რამდენიმე გამოსადეგ რჩევასაც მისცემს, თუმცა იანი უბრალოდ სხვა კლასის მებრძოლია. რუსმა პარტერში უნდა მოუმატოს, თავისი სტრაიკინგი გააუმჯობესოს და ბრძოლას ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეხვდეს. ამ შემთხვევაში, პიოტრის დამარცხება მარტივი ნამდვილად არ იქნება“, - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა. იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა
ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა