ლა ლიგის უარი იურისტებს - ნეიმარის ტრანსფერი დაბლოკილია
კატალონიურმა Sport-მა გაავრცელა ინფორამცია, რომლის თანახმადაც, ლა ლიგამ "პარი სენ-ჟერმენის" იურისტი, რომელიც ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებდა, ოფისიდან ხელცარიელი გაუშვა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, "პსჟ"-ს წარმომადგენლები ლა ლიგის ოფისს დღეს ეწვივნენ. მათი მიზანი ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდა იყო. როგორც დაგეგმილი იყო, ბრაზილიელს "პარი სენ-ჟერმენი" ხვალ წარადგენდა. ლა ლიგამ ფულის მიღებაზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი, ამ ეტაპზე "ბარსელონას" ფეხბურთელად რჩება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს ფრანგული მხარე.
Sport-ი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს, რის თანახმადაც, "ბარსელონა" პსჟ-ს წარმომადგენლების ლა ლიგის ოფისში მისვლის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ახლახანს ლა ლიგამ ოფიციალურიგანცხადება გაავრცელა: "ვადასტურებთ, რომ ნეიმარის იურისტი გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ჩვენს ოფისში მოვიდა, მაგრამ მან უარი მიიღო. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელება შეგვიძლია". - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი "პსჟ"-ს უჩივლებდნენ და ტრანსფერის განხორციელების უფლებას არ მისცემდნენ.
ესპანური საფეხბურთო ორგანოს მტკიცებით, ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ პარიზელები ხსენებულ ტრანსფერს ყველა კანონის დაცვით ასრულებენ და ლა ლიგა ამ ყველაფერს აუცილებლად გამოიძიებს.
როგორც ჩანს, ისინი სიტყვას ასრულებენ...