მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: „ქართული ყელსაბამის ტარებაც ამიკრძალეს, რუსეთი ხალხს არაფრის გამო ხოცავს“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი Full Mount MMA-ს ესაუბრა და ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

ჟოზე ალდოზე

„ჟოზე ალდოსთან ჩხუბი ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და ის ნამდვილი ლეგენდაა. UFC-ში მაღალი დონის მებრძოლები არიან და ალდო ერთ-ერთი მათგანია. მასთან გამარჯვება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ“.

მომდევნო მეტოქეზე

„კორი სენდჰეგენმა გამომიწვია და გამიხარდა, მაგრამ შემდეგ მისი ინტერვიუ ვნახე და ჩიტო ვერასთან ჩხუბის სურვილიც გამოთქვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცამ გამომიწვია და აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა საბოლოოდ, მაინც სხვა გზა აირჩია. უმარ ნურმაგომედოვმა ჩემი სახელი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ ტოპ 15-ში ახლახან შევიდა და როგორც ვიცი, UFC-ში მხოლოდ 3 ბრძოლა აქვს გამართული. ვინ უნდა იყოს ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე? UFC-ის ველოდები და ყველაფრისთვის მზად ვარ, თუმცა ჩემთან ჩხუბი არავის უნდა და ბევრს ვერ იპოვით, ვინც ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლაზე თანახმაა“.

შონ ომალისა და პიოტრ იანის ჩხუბზე

„იმედი მაქვს, ომალი გაიმარჯვებს და მასთან ჩხუბი ძალიან მინდა. 4 წელია ვიწვევ და ჩემთან ბრძოლა უნდა გამართოს. MMA-ში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ომალიმ უნდა იმოძრაოს, თორემ იანის წინ რომ დარჩეს, ძლიერ დარტყმებს მიიღებს. ვფიქრობ, იანს გამარჯვების უკეთესი შანსი აქვს და მასთან ჩხუბს რაც შეეხება, ეს უბრალო ბრძოლა არ იქნება. ის რუსეთიდანაა. მისმა ქვეყანამ ჩემი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. ნებისმიერ მეტოქესთან წაგება პრობლემა არ იქნებოდა და მარცხს ღირსეულად შევხვდებოდი, მაგრამ რუსთან წაგება ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი ამბავია. გულისმომკვლელია ის, რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში აკეთებს და ხალხს არაფრის გამო ხოცავს. უკრაინელებს ევროპაში წასვლა სურთ და რუსეთში დაბრუნება არ უნდათ, რის გამოც რუსეთი უდანაშაულო ხალხს ხოცავს. ამიტომ, იანთან ბრძოლა მხოლოდ ჩხუბი არაა. სხვებთან არ მაინტერესებს წავაგებ თუ მოვიგებ, მაგრამ პიოტრთან და რუს მებრძოლებთან ჩხუბი დიდი მოვლენაა და პოლიტიკური დატვირთვა აქვს“.

უნდა დაუწესოს თუ არა UFC-იმ სანქციები რუს მებრძოლებს

„არ ვიტყვი, რომ UFC-იმ ეს უნდა გააკეთოს, რადგან ხაბიბის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. იგი დაღესტნელია, რუსეთმა მისი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და იძულებულია, რუსეთის სახელით იასპარეზოს. როგორც ვიცი, დაღესტნელი მებრძოლების უმრავლესობა ბედნიერი არაა, რომ რუსეთის სახელით გამოდის. იგივე ხდება ჩეჩნეთის შემთხვევაში და ისინი რუსები არ არიან, მაგრამ იძულებული ხდებიან, რუსეთის სახელით გამოვიდნენ. რუს მებრძოლებს UFC-ში ასპარეზობა არ უნდა აეკრძალოთ, მაგრამ დროშის გამოტანის ნება არ უნდა დართონ.

ბოლო ბრძოლისას ყელსაბამი მეკეთა ჩემი ქვეყნის რუკისა და დროშის გამოსახულებით. რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ მისი გაკეთების უფლებაც აღარ მქონდა. მესმის, რატომ არ შეიძლება გამოვიდე მაისურით, რომელზეც სხვა სპონსორებია გამოსახული, მაგრამ უნდა შემეძლოს, ჩემი ქვეყანა წარმოვადგინო და დროშა ან ყელსაბამი ვატარო. რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ხალხს ხოცავს და ჩემთვის ძალიან ძნელია, ამის გამო დროშის გატანის უფლება რომ არ მაქვს. ამ სპორტში ასპარეზობა იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმოვადგინო. ქრისტიანი ვარ და შესაძლოა, ვინმე გაგიჟდეს და მითხრას, რომ ჯვარის ტარებაც არ შემიძლია... ეს მხოლოდ ყელსაბამია და მისი ტარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, ამაზე საუბრის საშუალება რომ მომეცა და იმედია, ამის გამო UFC არ გამაგდებს“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ალდოს დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბერძნეთმა ჩრდ.ირლანდიას მოუგო - საქართველო ყაზახეთს დაუპირისპირდება
საბერძნეთმა ჩრდ.ირლანდიას მოუგო - საქართველო ყაზახეთს დაუპირისპირდება