„ორმაგი სტანდარტები აქვთ, მათი არ მესმის“ - კოსტა ტიტულზე ჩხუბს ითხოვდა
UFC-ის რამდენიმე დივიზიონში ამჟამად გაურკვეველი ვითარებაა და უცნობია, როდის ჩაინიშნება საჩემპიონო ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი წონითი კატეგორია ქვემძიმეა, სადაც მოქმედი ჩემპიონი კარლოს ულბერგი მძიმე ტრავმას მკურნალობს, დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი კი დროებითი ტიტულის მფლობელის გამოსავლენი ბრძოლის ჩანიშვნაზე არ ფიქრობენ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პაულო კოსტამ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელმაც UFC-ის შეფები ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობაში ღიად დაადანაშაულა.
პაულო კოსტა
კაილა ჰარისონისთვის საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევას მინდა გამოვეხმაურო - მან ბოლო ბრძოლა 2025 წლის ივნისში ჩაატარა, ხოლო ვალენტინა შევჩენკომ 2025 წლის ნოემბერში. თუ ვალენტინას ქამრის დათმობა მოუწევდა, ამ შემთხვევაში უნდა დაეკარგა ტიტული კაილასაც. უკვე აღარც ვიცი რა ვთქვა - UFC-ის ხელმძღვანელები გამუდმებით ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.
ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რატომ რჩება ალექს პერეირა ისევ ქვემძიმე დივიზიონის რეიტინგში მაშინ, როდესაც მან მძიმეში უკვე იჩხუბა და წააგო. ასევე მაინტერესებს, რატომ არის „პო ატანი“, რომელსაც მძიმე წონაში ერთი ბრძოლაც კი არა მოუგია, ჯოშ ჰოკიტზე წინ? ტრავმირებული კარლოს ულბერგი ოქტაგონში დაბრუნებას რომ მხოლოდ 2027 წლის მეორე ნახევარში შეძლებს, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით. მე შევთავაზე UFC-ის შეფებს ჩაეტარებინათ დროებითი ქამრისთვის ჩხუბი და მზადყოფნა გამოვთქვი დივიზიონი გადამერჩინა, თუმცა მათ უარი მითხრეს. რატომ? წარმოდგენა არ მაქვს.
ცნობისათვის, პაულო კოსტას ამ ეტაპზე ორბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. მან ჯერ რუსლან კოპილოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო შემდეგ აზამატ მურზაყანოვი ნოკაუტში გაგზავნა. მთლიანობაში კარიერის მანძილზე 35 წლის ბრაზილიელის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. მოპოვებული გამარჯვებებიდან მის აქტივში 12 ნოკაუტი, 1 საბმიშენი და 3 მსაჯების გადაწყვეტილებით მოგებაა.