„დაბრუნება არ უნდა იჩქაროს“ - ჯო როგანმა ილიაზე ისაუბრა
ცნობილმა პოდკასტერმა და UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა თავისი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლმა დაბრუნება არ უნდა იჩქაროს.
რას ამბობს როგანი:
„საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ აღიდგენს ძალებს ამ ყველაფრის შემდეგ, რადგან მან ძალიან დიდი ზიანი მიიღო. თვალბუდის ორი მოტეხილობა ჰქონდა და რაუნდებს შორის შესვენებაზე ბრძოლის შეჩერება გახდა საჭირო. მან უამრავი უმძიმესი დარტყმა გაუშვა ბიჭისგან, რომელსაც მუშტების ნაცვლად ქვები აქვს და რომელმაც ნამდვილად იცის დარტყმა.
ასეთი რამის შემდეგ რეაბილიტაცია ძალიან რთულია. მას დამატებითი დრო დასჭირდება, რათა ყველა ტრავმა ბოლომდე მოუშუშდეს და ორგანიზმი აღიდგინოს, სანამ საერთოდ იფიქრებს სპარინგებზე დაბრუნებასა და სახეში დარტყმების კვლავ მიღებაზე. უკვე ორიოდე თვე გავიდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება, სანამ სპარინგს კვლავ შეძლებს.
ფსიქოლოგიურად ის ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, ამ მხრივ აღდგენას შეძლებს. მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობაც - თუ რამდენად სერიოზული ზიანი მიიღო მან. მხოლოდ მან თავად იცის, სინამდვილეში რა სიმძლავრის დარტყმები მიიღო ამ ბრძოლაში და როგორ იმოქმედა ამან მასზე. კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი მძიმე ბრძოლის ჩატარებაა შესაძლებელი, ამიტომ მათ შემდეგ აღდგენის პროცესს უკიდურესი სიფრთხილით უნდა მიუდგე.
ბევრ მებრძოლს, მათ შორის დიადებსაც, დაუშვიათ შეცდომა და ძალიან ადრე დაბრუნებულან. მე მუდმივად მომყავს ვოლკანოვსკის მაგალითი, რომელსაც სავსებით შეგვიძლია ვუწოდოთ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ქვემსუბუქ წონაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და დახვეწილი მებრძოლია ამ სპორტში. მან მცირე დროში მიიღო ისლამთან რევანშის შეთავაზება და თავში ფეხის მძიმე დარტყმა გაუშვა. შემდეგ კი, როგორც მახსოვს, სულ რაღაც ოთხ თვეში ილიასთან საბრძოლველად გამოვიდა.
ეს სიგიჟეა. უბრალოდ შეშლილი გადაწყვეტილებაა. ის უშვებს სრულფასოვან დარტყმას წვივით თავში, ვარდება ნოკაუტში, ოთხი თვის შემდეგ კი გამოდის ყველაზე საშიში პრეტენდენტის წინააღმდეგ, ვისთანაც კი ოდესმე მოუწია დაპირისპირება. ასეთი რამის შემდეგ დაბრუნების დაჩქარება არ შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე შემდგარი და აღიარებული მებრძოლი ხარ - აჩქარება უბრალოდ არ გჭირდება“.
ილია თოფურიამ ამ დღეებში დაარღვია ხანგრძლივი დუმილი და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განიცდის კარიერაში პირველ მარცხს. მან ასევე მიანიშნა, რომ ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას აპირებს.