პირველი ადგილი ჯგუფში და B ლიგის საგზური - საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
Aa
Aa

პირველი ადგილი ჯგუფში და B ლიგის საგზური - საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 შეხვედრა საშინაო კედლებში გამართა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა 2:0 იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და ერთა ლიგის B ლიგაში აღზევდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში ჩრდილოეთ მაკედონიელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს. ბლაგოი მილევსკის გუნდმა პენალტის დანიშვნა ორჯერ მოითხოვა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სიტუაცია ორივეჯერ სწორად შეაფასა. პირველი რეალური მომენტი 21 წუთზე შეიქმნა. სპიროვსკიმ შორეული მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრები პირველი ნახევრის მიწურულს გააქტიურდა და 35-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ მეტოქის კარისკენ სახიფათოდ დაარტყა. მისი გასროლა დიმიტრიევსკიმ მოიგერია და კუთხური დაინიშნა, რომლის შემდეგაც ვილი სანიოლის გუნდმა ანგარიში გახსნა. ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობას ბოიან მიოვსკის ავტოგოლი მოჰყვა. გატანილი გოლის შემდეგ, ჩვენს ეროვნულ გუნდს უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ზივზივაძის დარტყმა მცველმა დაბლოკა, ტაიმის მიწურულს კი უკანახაზელები დავითაშვილის დარტყმულს გადაეღობნენ.

მეორე ნახევრის სტარტი სტუმრების იყო და ჩრდილოეთ მაკედონიელებმა სახიფათოდ შეგვიტიეს. გოლის გატანის შანსი ელმასს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 52-ე წუთზე, „მამარდას“ კართან კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა. შორეული გადაცემის შემდეგ, მიოვსკის წონასწორობის აღდგენის შეეძლო, მაგრამ ქართველთა კარის დარაჯს ვერ აჯობა.

64-ე წუთზე, ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, ბრწყინვალედ ითამაშა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ხვიჩას გადააწოდა და ცარიელ კარში გაატანინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ზივზივაძეს თავის გამოჩენა თავადაც შეეძლო, ჩინებულად იასპარეზა, მაგრამ მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-80 წუთზე ბარდის კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა. შეხვედრის დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მომენტი ვერ შექმნეს და 0:2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები