„გიჟი არ გეგონოთ`` - ტარდელის ხვიჩამ ბესტი გაახსენა
1982 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა, იტალიელმა მარკო ტარდელიმ La Stampa-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ტარდელის კვარაცხელიას თამაშმა ჯორჯ ბესტი გაახსენა, თუმცა 67 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა ბესტის დასახელებისგან თავი შეიკავა.
,,არასდროს მინახავს ასეთი სრულყოფილი, შეუპოვარი და თავდაჯერებული ,,ნაპოლი''. კვარაცხელია მახსენებს უდიდეს ფეხბურთელს ჩრდილოეთ ირლანდიიდან. მის სახელს არ დავწერ. რადგან შესაძლოა, გიჟი გეგონოთ. ამიტომ, მოვიცდი''.
Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ კვარაცხელიას შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა, ივლისიდან კი ,,ნაპოლის'' ფეხბურთელია, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულთან'' მოგებულ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა, საგოლე პასიც შეასრულა.