„მე და გატუზოს უმალ მოგვეწონა და კალაძეს დავურეკეთ“ - ჯუნტოლი ხვიჩას ტრანსფერზე
,,ნაპოლის'' სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველად ქართველი ფეხბურთელის თამაში ჯენარო გატუზოსთან ერთად ნახა. 2019-21 წლებში გატუზო ნეაპოლური კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა მაშინ ,,რუბინმა'' მის სანაცვლოდ 30 მილიონი მოითხოვა.
ჯუნტოლიმ ხვიჩას შესახებ Corriere dello Sport-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
,,როცა პირველად მისი თამაში ვნახეთ, ლოკდაუნი იყო. ის 19 წლის იქნებოდა, მაგრამ უკვე ორივე ფეხით კარგად თამაშობდა. რინო გატუზოც იქ იყო, ჩვენ ის უმალ მოგვეწონა. კალაძეს დავურეკეთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო.
ვიცოდით, რომ მოსკოვის „ლოკომოტივიდან'' წასვლის შემდეგ ,,რუბინში'' გადავიდა, სადაც პროგრესი აჩვენა.
,,რუბინთან'' პირველი საუბარი პოზიტიური არ იყო, კლუბმა ტრანსფერში 30 მილიონი ევრო მოგვთხოვა. მოლაპარაკება საწყის ეტაპზე შევაჩერეთ. ამდენად დიდი ფსონის ამ ბიჭზე გაკეთება არ შეგვეძლო, თან ოსიმენში დიდი თანხა ახალი გადახდალი გვქონდა, მაგრამ ხვიჩაზე უარი არ გვითქვამს, მის მიმართ ჩვენი ინტერესი შენარჩუნდა.
როცა უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო (გულისხმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ინტერვენციას), ის საქართველოში დაბრუნდა, მის ტრანსფერზე მუშაობა განვაახლეთ, ოფიციალური შეთავაზება გავაკეთეთ და 10 მილიონზე შევთანხმდით.
მის მიმართ ინტერესს ,,იუვენტუსი'', ,,რომა'' და ''სოსიედადი'' იჩენდნენ. ჩვენ უფრო სწრაფად ვიმოქმედეთ და აღნიშნულ კლუბებს დავასწარით.
მისი გადაბირებისას ფსონი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ გავიმარჯვეთ. ხვიჩას ხელფასი გადასახადების გარეშე 1.2 მილიონია, გადასახადებით - 1.7 მილიონი. ლორენცო ინსინიე გადასახადების გარეშე 4.5 მილიონს იღებდა, გადასახადებით - 9 მილიონს''.
Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ კვარაცხელიას შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ომის დაწყების შემდეგ კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა, ივლისიდან კი ,,ნაპოლის'' ფეხბურთელია, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულთან'' მოგებულ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა, საგოლე პასიც შეასრულა.