6-თვიანი იჯარა უოტფორდში? ნიკოლო სკირა გოგლიჩიძის შესაძლო წასვლაზე
იტალიელმა ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ საბა გოგლიჩიძის შესახებ კიდევ ერთხელ დაწერა. მისი ინფორმაციით, უოტფორდმა საბას მიმართ ინტერესი გამოხატა, საუბარია 6-თვიან იჯარაზე. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ფეხბურთელის გამოსყიდვა არ განიხილება.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში სკირამ უკვე დაწერა, რომ საბა კოსტა რუნიაიჩის გეგმებში ცენტრალური ადგილი აღარ უკავია და მისი წასვლა რეალურია. მოლაპარაკებას ის ფაქტორი გაამარტივებს, რომ უოტფორდსა და უდინეზეს ერთი მფლობელი ჰყავთ (პოცოს ოჯახი). მათ შორის ფეხბურთელების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ტრანსფერი შედგა, საბა ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის თანაგუნდელი გახდება, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესო ამბავია.
ცნობისთვის, გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ბოლოს იუვენტუსთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზეს მაისურით მხოლოდ ერთხელ, „ნაპოლისთან“ მატჩში რამდენიმე წუთით ითამაშა.
გოგლიჩიძეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში დაიწერა, რომ მისით ტორინო და ბოლონიაა დაინტერესებული, ხოლო Transfermarkt-ზე საბას საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.