Le Parisien: დიდ მატჩებში დომინირებს, ლიგა 1-ში კი ხანდახან უფერულია
გასულ სეზონში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ბოლო თვეების განმავლობაში პსჟ-ში ნაკლებად შედეგიანი გახდა. ფრანგულ პრესას კი ეჭვი აქვს, რომ ამან მისი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც მან „სპორტინგთან“ მატჩში ქართველი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ხვიჩას აქტივში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, თუმცა „ციფრებს მიღმა, 24 წლის თავდამსხმელი ტოვებს უსიამოვნო შთაბეჭდილებას, თითქოს ის თამაშებს არჩევს“ - სწორედ ამას უსვამს ხაზს გამოცემა Le Parisien-ი დღევანდელ ნომერში.
„კვარა ხანდახან შიდა ჩემპიონატის მატჩებში უფერულია, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრებში სრულიად გარდაიქმნება ხოლმე და დომინირებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად თავისუფლად გრძნობს იგი თავს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის გაჟღერებისას, „სპორტინგთან“ მისი სკამზე ყოფნა გასაკვირი იყო. შესაძლოა, ლუის ენრიკე მას იმას საყვედურობს, რომ პარასკევს, ლიგა 1-ის მატჩში, „ლილის“ მარჯვენა მცველს, ტიაგო სანტოსს სათანადო პრესინგი არ გაუწია. მე-7 ნომერი ამ სეზონში არასტაბილურობას „დაუმეგობრდა“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ მომდევნო შეხვედრას დღეს ლიგა 1-ში „ისერის“ წინააღმდეგ გამართავს. ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში „ნიუკასლს“ უმასპინძლებს.