„ჩინებული დუეტი შეგვეძლო გვეხილა“ - სინანული მამუზე და იანისზე
სანდრო მამუკელაშვილისთვის მიმდინარე სეზონი კარიერაში უდავოდ გამორჩეულია. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოძებნა NBA-ში ისეთი კლუბი, სადაც თავის გამოჩენის საშუალება ეძლევა და შედეგიც სახეზეა - მიმდინარე სეზონში „მამუ“ „ტორონტოს“ რიგებში საშუალოდ 10,9 ქულას, 5,1 მოხნასა და 2,0 ასისტს აგროვებს, რაც მის განკარგულებაში არსებული წუთებიდან გამომდინარე, მშვენიერი შედეგია. სწორედ ამაზე გამახვილდა ყურადღება Buck Pass-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც აღნიშნული გახლდათ რომ თავის დროზე „მილუოკიმ“ მისი გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვა.
რას წერენ მამუკელაშვილზე
„ბაქსიდან“ წასვლის შემდეგ მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ თამაშობდა, სადაც ქართველი ასევე არასათანადოდ დააფასეს. თუმცა, ჩვენ სჯობს „მილუოკიზე“ ვისაუბროთ, რომელიც ბოლო პერიოდია აშკარად კრიზისშია და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ვერაფრით ახერხებს.
ამ დროს კი ჩახედეთ სანდროს სტატისტიკას - ის საშუალო დისტანციიდან - 52, ხოლო პერიმეტრიდან 36-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის, თადარიგის მოთამაშეებს შორის დაგროვებული ქულების რაოდენობით ცენტრებს შორის მთელ ლიგაში მესამე ადგილზეა, ასისტებით მეოთხე პოზიციაა უკავია, ჩაჭრებით კი მეხუთე.
ყოველივე ამის ფონზე, ვფიქრობთ, რომ იანის ანტენტოკოუნმპოსთან მამუკელაშვილი იდეალურ დუეტს შექმნიდა და ჩვენ ამის ხილვის საშუალება „ბაქსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰორსტმა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით წაგვართვა.
ცნობისათვის, სანდრო მამუკელაშვილს დღეს, თბილისის დროით გამთენიისასაც არაჩვეულებრივი თამაში ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. „საკრამენტოსთან“ (122:109) მოგებულ შეხვედრაში მან 32 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.