სლოტი: მშვენივრად მესმის, რატომ ვერ ვახერხებთ სტაბილურად თამაშს
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელის“ წინააღმდეგ მატჩის (3:0) შემდეგ, გუნდის არასტაბილური თამაშის მიზეზების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ჩვენი არასტაბილურობის მიზეზი - თუ გსურთ, რომ 14-მატჩიან წაუგებელ სერიას არასტაბილურობა უწოდოთ, იმაში მდგომარეობს, რომ არის პრობლემები მეტოქეების დაბალ ბლოკებთან დაპირისპირებისას. მშვენივრად მესმის, რატომ ვერ ვახერხებთ სტაბილურად თამაშს. როდესაც თამაში იხსნება, ფეხბურთელებს შეუძლიათ დაცვის ხაზებში გარღვევა, შეუძლიათ თავიანთი ოსტატობის ჩვენება. ეს სრულიად სხვა ფეხბურთია, რომელიც განსხვავდება დაბალი ბლოკის წინააღმდეგ თამაშისგან“- თქვა სლოტმა.
მისივე განმარტებით, დაბალი ბლოკის წინააღმდეგ სრულიად სხვა თვისებებია საჭირო.
„მეტოქის დაბალ ბლოკთან დაპირისპირების მნიშვნელობა არ შეიძლება შეედაროს „მარსელთან“ თამაშს, სადაც ორივე გუნდი ცდილობს შეტევების საკუთარი კარიდან დაწყებას და მეტოქეზე ზეწოლის მოხდენას. ამ სეზონის ყოველ თამაშში, როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნებოდა, ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებდით. დიახ, წავაგეთ „მანჩესტერ სიტისთან“ და „ჩელსისთან“, მაგრამ ბევრ მატჩში შედეგს მივაღწიეთ“, - თქვა „წითლების“ თავკაცმა.
ცნობისთვის, 7 მატჩის შემდეგ „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 15 ქულა დააგროვა და დასკვნით ტურში „ყარაბაღს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება პრემიერლიგას, არნე სლოტის გუნდი 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსან „ასტონ ვილას“ 7 ქულით ჩამორჩება.