„წუწუნი უნდა შეწყვიტოს“ - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
„ლივერპულის“ ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა მერსისაიდელების მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი გააკრიტიკა.
ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (3:0) ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს უჭირს ისეთ მეტოქეებთან თამაში, რომლებიც მატჩის დიდ ნაწილს საკუთარ საჯარიმოსთან ატარებენ.
„ვიცი, რატომ გვაკლია სტაბილურობა. როდესაც მეტოქე იხსნება, ჩვენ ხაზებს შორის პასების გაკეთება შეგვიძლია, ვთამაშობთ შემუშავებული ტაქტიკით და ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად ავლენენ.
როდესაც მეტოქე მთელი გუნდით თავის საჯარიმოსთან დგას, ყველაფერი განსხვავებულადაა. ასეთ დროს სულ სხვა თვისებები გჭირდება. მნიშვნელობა ეკარგება იმას, თუ რაზე მუშაობდი მატჩის წინ - უბრალოდ ფლობ ბურთს, უახლოვდები მეტოქის საჯარიმოს და რაღაცის მოფიქრებას ცდილობ“.
თავის მხრივ, ჯერარდმა, რომელიც ამჟამად TNT Sports-ის კომენტატორად მუშაობს, განაცხადა, რომ სლოტმა უნდა შეწყვიტოს ამ საკითხზე წუწუნი, ვინაიდან ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ „ლივერპული“ მისი კაპიტნობის პერიოდშიც თამაშობდა.
„ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყვიტოს. „ლივერპულთან“ მატჩებში მეტოქეები მთელი გუნდით დაცვაში მაშინაც იდგნენ, როდესაც მე ვთამაშობდი და კლუბში ჩემს მოსვლამდე ბევრი წლით ადრეც. ეს ყოველთვის ასეა: მეტოქეები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა „ლივერპული“ შეაჩერონ. მთავარი ისაა, თუ როგორ უპასუხებ ამ გამოწვევას. უნდა მოძებნო გადაწყვეტილებები და მაშინ ასეთი მატჩები „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდება.
უქმეებზე „ბორნმუთი“ სწორად ასე ითამაშებს. ამიტომ გუნდმა ამას გასაღები უნდა მოუძებნოს, წამყვანმა ფეხბურთელებმა საკუთარი თავი უნდა აჩვენონ, გაიტანონ გოლები და გუნდს მატჩები მოაგებინონ“.
ცნობისთვის, 7 მატჩის შემდეგ „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 15 ქულა დააგროვა და დასკვნით ტურში „ყარაბაღს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება პრემიერლიგას, არნე სლოტის გუნდი 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსან „ასტონ ვილას“ 7 ქულით ჩამორჩება.