“ჩემთვის ეს ფრუსტრაცია იყო“ - სლოტს გულშემატკივრებმა დაუსტვინეს
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ქულები ისევ დაკარგა. მერსისაიდულმა გრანდმა, ამჯერად საკუთარ კედლებში ბარნლის ვერ აჯობა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას, სქაუზერებმა არნე სლოტს უსტვინეს. ამასთან დაკავშირებით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
სლოტი:
„ჩემთვის ეს ყველაფერი ფრუსტრაცია უფრო იყო. თუ ჩვენ ვართ ლივერპული და ვეთამაშებით ბარნლის და ამავდროულად ვერ ვუგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაცვაში დიდებულად ითამაშეს. ამის გამო ბარნლის პატივი უნდა ვცეთ. რა თქმა უნდა, დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მე სრულად მესმის ეს ფრუსტრაცია. იგივე განცდები მაქვს მეც და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებსაც ზუსტად იგივე ემოციები აქვთ, რაც გულშემატკივრებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის — ასეთი თამაშები ხშირად ძალიან ფრუსტრაციულია და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ დამატებულ დროში გოლი გაგვაქვს და უკვე გამარჯვებას ელოდები, მაგრამ შემდეგ იმავე დამატებულ დროში საპასუხო გოლს ვუშვებთ.
ვფიქრობ, სექტემბრიდან ნოემბრამდე საკმაოდ ბევრი ასეთი მატჩი გვქონდა [19-დან 9], სადაც ჩვენ ვქმნიდით მეტს, ვიდრე მეტოქე, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ თამაშებს ვაგებდით. შემდეგ უფრო ფრთხილი გუნდი გავხდით, განსაკუთრებით დაცვაში, თუმცა ამან ისიც გამოიწვია, რომ თავადაც გაგვიჭირდა ბევრი საგოლე შანსის შექმნა.
ამის შედეგად, ბევრი შეხვედრა გვქონდა, სადაც არ წავაგეთ. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩი იყო ის თამაში, სადაც მომეწონა, რომ ბურთის ფლობა ჩვეულებრივზე მეტიც კი გვქონდა და უამრავ შანსს ვქმნიდით. როგორც წესი, როცა მეტ რისკს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე გიტევს, მაგრამ დღეს ეს ასპექტიც ძალიან კარგად გავაკონტროლეთ.“
ცნობისთვის, 22 ტურის შემდეგ, მერსისაიდულ გრანდს 36 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს.
აქვე გეტყვით, რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე ფრედ დაასრულა. შემდეგ ტურში, სლოტის გუნდი ბორნმუთს ესტუმრება.