რა შემთხვევაში გამოისყიდის ჰამბურგი გოჩოლეიშვილს | გერმანული მედიის ცნობა
გერმანული Fussballtransfers-ის ინფორმაციით, თუ გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგის სასტარტო 11-ში ადგილს ვერ დაიბრუნებს, გერმანული კლუბი მას შახტარიდან არ გამოისყიდის.
„ჰამბურგის ქართველმა ფეხბურთელმა იმედისმომცემი დასაწყისი აჩვენა, თუმცა მოგვიანებით ტრავმამ შეაფერხა და ახლა ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად იბრძვის. თუ უფრო როტაციის მოთამაშედ დარჩება ვიდრე ძირითადის წევრად, სავარაუდოდ ჰამბურგი მისი გამოსყიდვის უფლებას არ გამოიყენებს, რომელიც ოთხ მილიონ ევროს შეადგენს''.
გოჩოლეიშვილმა, რომელიც შახტარის საკუთრებაა და ჰამბურგში ერთწლიანი იჯარით თამაშობს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა (8 სასტარტოში). როცა ჯანმრთელია და დისკვალიფიცირებული არაა, ყოველთვის თამაშობს, თუმცა ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიბრუნა, მეტწილად ცვლილებაზე გამოდის.
გასულ კვირაში გლადბახთან მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა განმარტა, რომ მარჯვენა ფლანგის დაკომპლექტება დიდწილად თამაშის სტილზეა დამოკიდებული: „თუ უფრო ღრმად ვიცავთ თავს, შესაძლოა არჩევანი უფრო მეტად მცველზე შეჩერდეს. თუ შეტევითი ძალის გაზრდა გვსურს, ეს სხვა მოთამაშე იქნება“. ამ კონტექსტში მან ასევე მიუთითა იმაზე, რომ პირველ წრეში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე მარჯვენა ფლანგიდან საგოლე საფრთხეები გასაუმჯობესებელია. საჭიროა „მეტი სიმძლავრე და მეტი გარღვევა საჯარიმოსკენ“. პოლცინის ეს სიტყვები გოჩოლეიშვილს ეხება, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში სასტარტო 11-ში რეგულარულად ხვდებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუნდესლიგაში მარჯვენა ვინგბექის პოზიციაზე თამაშობს.
შეგახსენებთ, გოჩოლეიშვილმა 2024-25 წლების სეზონი იჯარით კოპენჰაგენში გაატარა, თუმცა დანიურმა კლუბმა არ გამოისყიდა. შახტართან კონტრაქტი 2029 წლის მიწურულამდე აკავშირებს.