„კალენდრის სირთულის გათვალისწინებით კარგ პოზიციაში ვართ“ - ენრიკეს პრესკონფერენცია
ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ოსერს“ ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რთულ კალენდარსა და ახალწვეულების ადაპტაციის პროცესზე ისაუბრა.
რა თქვა ენრიკემ:
„ლიგა 1-ში პირველ ადგილზე არ ვართ, იმიტომ რომ „ლანსმა“ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, რაც შესანიშნავი შედეგია. ისინი პირველობას იმსახურებენ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იყო ამ სეზონის სტარტი, ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული კალენდარი გვქონდა. მეოთხე კალათიდან „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“ შეგვხვდა - ორივე გუნდი 13-13 ქულით საუკეთესო 8 გუნდს შორისაა.
შევალიე?პირველ სეზონში ყველა ფეხბურთელს აკრიტიკებენ, როგორც არ უნდა თამაშობდეს. ასე იყო ბრედლი ბარკოლას და დეზირე დუეს შემთხვევაშიც... ამ სეზონში სამი ფეხბურთელი დავიმატეთ: რენატო მარინი, ილია ზაბარნი და ლუკა შევალიე. რიტმში ჩაჯდომა ძალიან რთულია, ამიტომ სავსებით ნორმალურია, რომ ისმის კრიტიკა. როდესაც ასეთ კლუბში გადადიხარ, კრიტიკასთან გამკლავებაც უნდა იცოდე. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ახალწვეულების შესრულებით ვხედავ, თუმცა, რა თქმა უნდა, სამივე მათგანს თამაშის გაუმჯობესება შეუძლია.
ჰაკიმი დაბრუნდა, თუმცა იქნება თუ არა ის მატჩის განაცხადში, დღევანდელ ვარჯიშზე გამოჩნდება. გავესაუბრები მას და გავიგებ, რას ფიქრობს თავად ფეხბურთელი. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მისი თამაში გამორიცხული არაა.
რა თქმა უნდა, მატჩების დროს ვნერვიულობ და ემოციებს გამოვხატავ, თუმცა ეს ჩემი ფეხბურთელების ბრალი არაა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმით, თუ როგორ ვემზადებით მატჩებისთვის. ფეხბურთელებს ვერაფერში დავადანაშაულებ. შეცდომები ფეხბურთის ნაწილია და ეს სავსებით ნორმალურია.
დღეს 22 იანვარია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ შევძელით იმ შემადგენლობით თამაში, რომელიც მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა - ეს სეზონის პირველ მატჩში მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ უჩვეულო სეზონია და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“.
ცნობისთვის, „ოსერი“-„პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.