„ასეთი მეკარით დიდ ტურნირებს ვერ მოიგებ“ - პეტი შევალიეს აკრიტიკებს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ „პარი სენ-ჟერმენის“ გუშინდელი მარცხის შემდეგ პარიზელთა მეკარე ლუკა შევალიე გააკრიტიკა.
რა თქვა პეტიმ:
„პირველ გოლში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ მეორე გოლი... შარშან დონარუმას ხშირად აკრიტიკებდნენ და საკმაოდ სამართლიანადაც, მაგრამ დიდ მატჩებში ის ყოველთვის დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა.
მეორე გოლის ეპიზოდში შევალიეს პოზიციის შერჩევისას ბალანსი არ ეყო, წონასწორობა დაკარგა და ცენტრში წასულ ბურთზე სწორად რეაგირება ვერ მოახდინა - ეს უხეში შეცდომა იყო. ასეთი მეკარით დიდ ტურნირებზე გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლებ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა - პარიზელთა ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.