არსენ ვენგერი
Aa
Aa

„ამაზე ოცნების შანსი ყველას უნდა ჰქონდეს“ - ვენგერი 48 გუნდიან მუნდიალზე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაფართოებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„საკუთარი ნაკრების სახელით გამოსვლა რაღაც განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, თქვენ წარმოადგენთ თქვენი ქვეყნის სიამაყეს, მაგრამ, მეორე მხრივ, განიცდით უზარმაზარ წნეხს: წაგების, იმედგაცრუების და მოწოდების სიმაღლეზე ვერყოფნის შიშს.

საჭიროა უდიდესი ფსიქოლოგიური ძალა, რომ აიღო პასუხისმგებლობა მთელი ერის წინაშე. დიდ ნაკრებებს სჭირდებათ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ ასეთ წნეხს და რომლებიც წარმოადგენენ ახალ თაობას.

დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატი იყო შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ევროპასა და სამხრეთ ამერიკაზე იყო ორიენტირებული. აუცილებელი იყო მისი გახსნა მეტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიისთვის. ფეხბურთი გლობალური გახდა: სადაც არ უნდა წავიდნენ ადამიანები, ისინი ფეხბურთზე საუბრობენ. თუ მომავალს შევხედავთ, ასი წლის შემდეგ ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ მინიმუმ იოცნებოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. 32-დან 48 გუნდამდე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ორი კვირა ყოველთვის ყველაზე მშვენიერია: აქ მთელი მსოფლიო იკრიბება, ყველა ამაყობს საკუთარი ქვეყნის წარდგენით და ამავე დროს ჩნდება ერთიანობის გრძნობა. ეს კოლექტიური დღესასწაულია.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 104 მატჩისგან და უფრო გრძელი გზისგან შედგება, ნამდვილი გამოცდა იქნება მენტალური კუთხით. გამარჯვება მოითხოვს სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას: პერსონალს და მწვრთნელებს მოუწევთ გუნდის ერთიანობისა და მოტივაციის შენარჩუნება მრავალი კვირის განმავლობაში. პლეი-ოფის რაუნდებში პენალტები თითქმის გარდაუვალი გახდება და აქ ფსიქოლოგიური ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანი იქნება“,

- განაცხადა ვენგერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები