მეორე ოქრო - საბა სამადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ნაკრების 4 წარმომადგენელი წარსდგა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი ორმა მათგანმა შეინარჩუნა.
ოქროს მედლისთვის -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა სამადაშვილი ფინალში უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს დაუპირისპირდა. რთული სტარტის და ორი გაფრთხილების მიღების შემდეგ, მეტოქე ილეთზე წამოაგო და ლამაზი იპონით ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის დავით ქარელი ფინალში ფრანგ კელვინ რაის შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბრინჯაოს ორი მედალია. მესამე ადგილები საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა დაიკავეს.