5 მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც დანი სებალიოსზე უნდა ვიცოდეთ...
20 წლის დანი სებალიოსის „რეალში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. იგი „სამეფო კლუბთან“ 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ბეტისის“ რიგებში წარმატებული თამაშით სებალიოსი ბევრი კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელი გახდა. მას ევროპის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც არაერთი სკაუტი აკვირდებოდა. სებალიოსმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ იგი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მასზე ესპანური ფეხბურთის ორი გრანდი „ბარსელონა“ და „რეალი“, ასევე იტალიური „იუვენტუსი“ ნადირობდნენ.
საინტერესო ახალგაზრდული კარიერა
სებალიოსი სევილიის ერთ-ერთ პროვინცია უტრერაში დაიბადა. იგი „სევილიას“ აკადემიაში 8 წლის ასაკში ჩაირიცხა, თუმცა 5 წლის შემდეგ ქრონიკული ბრონხიტის პრობლემის გამო აკადემიიდან დაითხოვეს.
გულნატკენი ბიჭუნა მშობლიურ პროვინციას დაუბრუნდა და ვარჯიში იქაური გუნდის აკადემიაში გააგრძელა, საიდანაც ორი წლის შემდეგ, 14 წლის ასაკში „სევილიას“ დაუძინებელ მტერ „ბეტისში“ გადავიდა. 17 წლისამ „ბეტისთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
ნიჭიერი ნახევარმცველი თავიდან „ბეტისი B“-ში თამაშობდა, 2014 წელს კი მთავარ გუნდში დებიუტიც შედგა. "ბეტისმა" 2014-2015 წლების სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა. 18 წლის სებალიოსი მისი ძირითადის სტაბილური წევრი იყო და გუნდს ლა ლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

არ უყვარს „ბარსელონა“
სებალიოსს გასული სეზონიდან მოყოლებული „ბარსელონა“ და „რეალი“ აქტიურად იწვევდნენ, თუმცა ხაზგასასმელია მისი კატალონიური გრანდისადმი და ზოგადად, კატალონიელებისადმი დამოკიდებულება.
2015 წლის „კოპა დელ რეის“ ფინალისას, როცა „ბილბაოსა“ და „ბარსელონას“ ფანები ესპანეთის ჰიმნის შესრულებისას ხმაურობდნენ და აურზაურის გამოწვევას ცდილობდნენ, სებალიოსმა „ტვიტერზე“ დაწერა: „მოკალით ეს კატალონიელი და ბასკი ძაღლები“...
2012 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფაბრეგასმა და პიკემ მოედანზე კატალონიის დროშა გამოიტანეს. სებალიოსი ამაზე წერს: „გააძევეთ ქვეყნიდან კატალონიელები“.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მან „ბარსელონასა“ და მისი ლიდერებისადმი ტონი შეარბილა და რამდენიმე დადებითი პოსტიც გამოაქვეყნა.

გასულ სეზონში გუს პოიეტი ძირითადში არ ათამაშებდა
„ბეტისმა“ საფეხბურთო წელი ურუგვაელი გუსტავო პოიეტის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელსაც სებალიოსი დიდად არ მოსწონდა და ძირითადად შეცვლებზე ათამაშებდა. არადა პოიეტის მოსვლამდე, ანუ შარშანწინდელ სეზონში, თინეიჯერი ფეხბურთელი ლა ლიგაში „ბეტისის“ სასტარტოში სტაბილურად ხვდებოდა.
სებალიოსი ამბობდა: „პოიეტი მე კარგ ფეხბურთელად არ მთვლის და ძალიან არ მინდა, რომ უთამაშებლობის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში ადგილი დავკარგო“.
სიტუაცია ნოემბერში შეიცვალა, როცა პოიეტი უარყოფითი შედეგების გამო გაათავიფლეს და მის მაგივრად „ბენიტო ვილამარინზე“ ვიქტორ სანჩესი მივიდა. ახალგაზრდა მწვრთნელი სებალიოსს გუნდის ლიდერად თვლიდა და დიდი ნდობაც გამოუცხადა. ეს ის ვიქტორ სანჩესია, რომელიც „რეალის“ სკოლის აღზრდილია და ფეხბურთელობისას „სამეფო კლუბთან“ ერთად 1998 წელს „ჩემპიონთა ლიგა“ აქვს მოგებული. სანჩესი მადრიდელთა ძირითად გუნდში 1996-1998 წლებში გამოდიოდა.
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში ასევე „რეალის“ ფეხბურთელმა (2000-2005) ალბერტ სელადესმა მარტში სებალიოსზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მას გუნდისთვის ყოველთვის მოვიაზრებდით. მათ შორის მაშინაც, როცა პოიეტის გამო რთული პერიოდი ჰქონდა. ის არის მოთამაშე, რომელიც ჩვენ მოგვწონს“.

სათამაშო სტილი
გამთამაშებელი, რომელსაც 2015 წელს „ლივერპული“ და „არსენალი“ იწვევდნენ, ბურთს შესანიშნავად ფლობს, ტექნიკურია და მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს.
მთავარი ისაა, რომ ბურთი სულ მოკლე მანძილში აქვს - ტყავის სფერო თითქოს მის ბუცებზეა მიწებებული. სებალიოსის ერთ-ერთი კოზირია დრიბლინგიცაა.
ანდალუსიელ შუახაზელს შეუძლია დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევის დაწყება და ბურთის განაწილება, გარდა ამისა გამამწვავებელი პასიც გაკეთებაც კარგად გამოსდის.
ზინედინ ზიდანი თვლის, რომ 20 წლის ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩის ღირსეული შემცვლელი გახდება.

„ევრო 2017“-ის ვარსკვლავი
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან დამარცხდა, სებალიოსი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
საულ ნიგესმა და მარკო ასენსიომ ბევრ გოლში მიიღეს მონაწილეობა და ჩემპიონატზე ისინიც ბრწყინვალედ გამოვიდნენ, თუმცა სებალიოსის მიერ მთელი გათამაშების მანძილზე ნაჩვენებმა თამაშმა ყველა და ყველაფერი გადაწონა.

„ბეტისის“ ლიდერი დაეუფლა იმ პრიზს, რომელსაც თავის დროზე ხუან მატა, ანდრეა პირლო, პიოტრ ჩეხი, ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ და სხვა სუპერვარსკვლავები დაეპატრონნენ.
მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ