იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, პოლ პოგბა
Aa
Aa

წარუმატებელი 5 სეზონი, რაიოლას ბრალეულობა და დაბრუნება იუვენტუსში

2016 წლის ივლისში მასიმილიანო ალეგრიმ გაფრთხილება გამოსცა, რომელიც აშკარად პოლ პოგბასთვის იყო განკუთვნილი.

„ვისაც „იუვენტუსიდან“ წასვლა უნდა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან ახლა იუვე მსოფლიოს 4 საუკეთესო კლუბში შედის.“ - თქვა „ბიანკონერის“ ბოსმა

სამწუხაროდ, ეს გაფრთხილება უყურადღებოდ დარჩა..

პოგბას ყოფილი აგენტი მინო რაიოლა გამუდმებით ამტკიცებდა, რომ პოლი იუვეს მხოლოდ სწორ დროს და სწორი პროექტის გამო დატოვებდა. რეალურად კი ფრანგი ნახევარმცველი მოურინიოს არეულ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა.

რაიოლამ პოგბას კარიერაში ყველაზე არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა. რა თქმა უნდა, იყო სენტიმენტალური მომენტებიც. პოგბას 2012 წელს „წითელი ეშმაკების“ დატოვება არ უნდოდა..

რაიოლას და ფერგიუსონს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის კონტრაქტთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა და სწორედ ამიტომ პოლი „იუვენტუსში“ გადაბარგდა. მოგვიანებით, მინომ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეთავაზებული კონტრაქტი დაცინვად აღიქვა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

2016 წელს, „იუნაიტედი“ სრულ არეულობაში მყოფი კლუბი იყო. გუნდი ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ნორმალურად თამაშს ვერ ახერხებდა. რაც შეეხება „იუვენტუსს“, „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და დამარცხდა. ამის შემდეგ კი მათთვის ყველაფერი უკან წავიდა.

„იუვენტუსი“ მსოფლიოს 4 საუკეთესო კლუბს შორის აღარ არის. 2018 წლის შემდეგ, „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ვეღარ გადის. „ლიონი“, „პორტუ“, „ვილიარეალი“ - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც „ბებერმა ქალბატონმა“ მერვედფინალში ვერ აჯობა.

შეიძლება ითქვას, რომ პოგბას წასვლა იუვეს სუპერ ნახევარდაცვის დაშლის დასაწყისი იყო. როდესაც ფრანგი ფეხბურთელი 2012 წელს ტურინში გადაბარგდა მის გვერდით პირლო, ვიდალი და მარკიზიო თამაშობდნენ.

პოლი 2012/2013 წლებში რეგულარულ სათამაშო დროს იღებდა. მისი ტალანტი და ფიზიკური სიმძლავრე ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ მას დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა. პოგბა მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით თამაშობდა.

 „პოგბა ტურინში ძალიან ახალგაზრდა ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ის განსაკუთრებული იყო.“

- თქვა პირლომ

„იუნაიტედმა“ პოგბას სანაცვლოდ მათთვის რეკორდული თანხა 120 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს მის კლასზე კიდევ ერთხელ მეტყველებდა. ანტონიო კონტემ ახალგაზრდა ფრანგის გამო ტაქტიკაც კი შეცვალა და პოლი ნახევარდაცვაში შედარებით მარცხნივ დააყენა. მოგვიანებით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მას საფრანგეთის ნაკრებში გაუხსნა გზა.

მასიმილიანო ალეგრიმ პოგბას განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. გამოკვეთილი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ხშირად შერბოდა საჯარიმოში და ასევე ხშირად თავდამსხმელების უკან თამაშობდა. „მაქსი“ ცდილობდა, რომ პოლის საუკეთესო თვისებები გამოეყენებინა.

29 წლის ფეხბურთელს ტურინში დიდი პატივი სცეს. ეს კი იმაში გამოიხატა, რომ მას 10-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება მისცეს. ეს იყო მიზანმიმართული და სიმბოლური ნაბიჯი იუვეს მხრიდან. ამით ტურინელები გაწეული სამუშაოსთვის მადლობას იხდიდნენ. ეს ჟესტი ასევე მის დარწმუნებას ემსახურებოდა, რომ გუნდი არ დაეტოვებინა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო რაიოლამ ახალ კლუბთან მოლაპარაკება.

აგენტმა თავისი გაიტანა და პოლი „იუანიტედში“ წავიდა. მართალია იუვემ დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო, მაგრამ ორივე მხარე დაზიანდა. პოლმა „მანჩესტერში“ ვერ გაამართლა, ხოლო მისი წასვლის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ ნახევარდაცვის ხაზის დაშლა დაიწყო.

5 არაფრის მომცემი სეზონი

წრიულობა არის სიტყვა, რომელიც პოგბას საუკეთესოდ ახასიათებს. ფრანგმა ფეხბურთელმა პირველ სეზონში „იუნაიტედს“ 2 ტიტული მოაგებინა. მომდევნო სეზონში თამაშის ხარისხს უკლო, ხოლო შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან იჩხუბა და ფაქტობრივად გარდაიცვალა..

სულშერის დანიშვნის შემდეგ, თითქოს პოლი აღორძინდა, მაგრამ მალევე გაფუჭდა. პოგბა დეპრესიაში ჩავარდა, ხოლო მისმა ყოფილმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პოლი მანჩესტერში ბედნიერი არ არის. ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგთან“ გადამწყვეტი მატჩის წინა დღეს მოხდა.

ყველაფერი ახლიდან დაიწყო. პრემიერ ლიგის გასული სეზონის პირველ ოთხ ტურში 29 წლის ნახევარმცველმა 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემდგომის დადგომასთან ერთად პოგბა ნელ-ნელა გაქრა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში მთლიანად გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ტრავმა აქვს და დაბრუნების თარიღი უცნობია.

რამდენიმე წლის წინ, ჟოზე მოურინიომ პოლს „ვირუსი“ უწოდა. თავდაპირველად სულშერი საკუთარი ფეხბურთელის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ყელში ამოუვიდა და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ მაღლა ვერავინ დადგებოდა. ეს მხოლოდ პოგბას არ ეხებოდა, თუმცა ამ სიტყვების ადრესატის ვინაობა ნათელი იყო.

ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა „იუნაიტედში“ 5 სეზონი გაატარა. 5 არაფრის მომცემი სეზონი. ზუსტად ამდენი ხანი თამაშობდა კანტონა „წითელ ეშმაკებში“. „ოლდ ტრაფორდზე“ ერიკი მხოლოდ თავისი ხასიათის გამო არ დაუმახსოვრებიათ. ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერს“ პრემიერ ლიგის 4-ჯერ მოგებაში დაეხმარა.

ათწლეულების შემდეგაც კი კანტონა „იუნაიტედის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.. ვის ემახსოვრება პოგბა მაგალითად 2040 წელს? არავის.. რა შეიძლება პოლის მანჩესტერული კარიერიდან გავიხსენოთ?

2018 წლის აპრილი, მანჩესტერული დერბი - პოლმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანა. ასევე 2017 წლის ევროპის ლიგის ფინალი, სადაც მან ანგარიში გახსნა.. სხვა? არც არაფერი..

მაგრამ იცით? არის ერთი რამ, რის გამოც 29 წლის ფრანგი ქომაგებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ. პოგბა „იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მხოლოდ ეს გამოარჩევს მას სხვა ფეხბურთელებისგან.

პოგბა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. თმა, მოდის ვიდეოები, ცეკვა, პალესტინის დროშა „ოლდ ტრაფორდზე“, დუბაიში რეკონსტრუქცია და მრავალი სხვა.. მაგრამ პოლის იმიჯი არასოდეს ემთხვეოდა მის ქმედებებს - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

წრე დაიხურა. პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ახლა ისევ ილაპარაკებს მასზე მასიმილიანო ალეგრი..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ