„ვალენსიას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - მენდიეტამ მამარდაშვილზე ისაუბრა
საქართველოში ვიზიტით ესპანური ფეხბურთისა და „ვალენსიას“ ყოფილი ვარსკვლავი გაისკა მენდიეტა იყო ჩამოსული, რომელმაც სპეციალურ ფორუმში მონაწილეობის გარდა, ქართველი სპორტული ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილა. ბუნებრივია, მისი, როგორც ყოფილი „ვალენსიელის“ აზრი ყველასთვის საინტერესო გახლდათ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით და გადაცემა „სპორტი იმედზე“ მიცემულ ინტერვიუში ყურადღება სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარეზე გამახვილდა.
რას ამბობს მენდიეტა
„ვალენსია“ ადრე უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე დღეს არის, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ნამდვილი ბრილიანტია. უმაღლესი დონის მეკარეა და იმედია ყოველთვის ასეთ დონეზე დარჩება. თამამად ვიტყვი, რომ ის „ღამურების“ ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ცუდია, რომ ჩვენი გუნდიდან წავიდა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობას იმსახურებდა და დარწმუნებული ვარ, „ლივერპულშიც“ ძირითადი გოლკიპერი იქნება.
რაც შეეხება ჩემი კარიერის საუკეთესო მოგონებებს, ის მთლიანად „ვალენსიას“ უკავშირდება, სადაც თამაშზე ბავშვობაში ვერცკი ვიოცნებებდი, მე კი ამდენი ტიტული მოვიგე, რითაც დღემდე ვამაყობ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თანაბარი წარმატებით შემეძლო ასპარეზობა, რამაც გუნდურ მოთამაშედ მაქცია და საშუალება მომცა ასეთი დონესთვის მიმეღწია.
გაისკა მენდიეტამ „ვალენსიასთან“ ერთად თითოჯერ კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, 2000 და 2001 წლებში კი უეფას ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.