ბენზემას ტრანსფერმა განარისხა - რონალდუ ალ-ნასრიდან მიდის?
კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მალე 41 წლის გახდება, შესაძლოა საუდის არაბეთიდან წავიდეს. პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, რონი „ალ-ნასრით“ უკმაყოფილოა და მას კლუბის დატოვება ივნისში შეუძლია. შესაძლო მიმართულებებად ამერიკული MLS-ი და ევროპაში დაბრუნება განიხილება.
კონტრაქტში კრიშტიანუს გამოსასყიდი პუნქტი 50 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, პორტუგალიელის დამატება ნებისმიერ გუნდს შეეძლება.
რონალდუ უკმაყოფილოა იმ დამოკიდებულებით, რომელსაც „ალ-ნასრის“ მიმართ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) იჩენს - სახელმწიფო ორგანო, რომელმაც 2023 წელს ქვეყნის ოთხი ძირითადი კლუბის - „ალ-ნასრის“, „ალ-ჰილალის“, „ალ-იტიჰადის“ და „ალ-აჰლის“ აქციების საკონტროლო პაკეტი შეისყიდა.
ქარიმ ბენზემას „ალ-ჰილალში“ გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუს უკმაყოფილება გაიზარდა და ის მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ფონდი მისი კლუბის ტრანსფერებს ხელოვნურად აფერხებს, რათა გუნდს ტიტულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს.

რონალდუ თვლის, რომ ის მეტ პატივისცემას იმსახურებდა, თუ გავითვალისწინებთ მის გადამწყვეტ როლს საუდის არაბეთის ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარობის უპრეცედენტო დონეზე აყვანაში. გარდა ამისა, მან 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება) ელჩის როლი იტვირთა, რათა ტურნირისთვის მეტი ცნობადობა მიენიჭებინა.
ამ მიზეზების გამო, პორტუგალიელმა საუდის პრო ლიგის ბოლო ტურში „ალ-რიადის“ წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა - მატჩი ჟორჟე ჟეზუშის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ კვლავ კონცენტრირებულია საუდის არაბეთში პირველი ჩემპიონობის მოპოვებასა და თავის პერსონალურ მიზანზე - 1000 გატანილ გოლზე, მან მიიჩნია, რომ პროტესტი უნდა გამოეხატა, რადგან კლუბის მიმართ ასეთ მოპყრობას უსამართლობად თვლის.
41 წლის რონალდუ საუდის პრო ლიგაში უკვე მე-4 სეზონია ასპარეზობს და დღემდე, მას ჩემპიონობა არ მოუპოვებია. უტიტულოდ დარჩენა რონის წელსაც ემუქრება და იგი ამაში დამნაშავედ საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს (PIF) მიიჩნევს.
ამრიგად, წყარო წერს, რომ რონალდუ საუდის არაბეთს დატოვებს და მას ორი ვარიანტი ექნება - ამერიკა, ან ევროპა. ჯერჯერობით ოფიციალურ დაინტერესებაზე საუბარი არ არის, თუმცა კრიშტიანუს მსურველების პრობლემა ნამდვილად არ ექნება.