გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

იმედი მაქვს, გუნდს ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები | ქვილითაია ფრანგულ მედიას ესაუბრა

საფეხბურთო კლუბმა მეცმა ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალწვეული, ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. პრესკონფერენციაზე კლუბის ხელმძღვანელობამ და თავად ფეხბურთელმა ტრანსფერის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ არპინონმა განმარტა, რომ იბუ სანეს იჯარით გაშვების შემდეგ, გუნდს სჭირდებოდა ფორვარდი, რომელიც მეცის შემტევ ხაზს გააძლიერებდა. მისი თქმით, ქვილითაია სწორედ ის პროფილია, რომელიც მათ სჭირდებოდათ: ფეხბურთელი ძლიერი პიროვნული თვისებებითა და გამოკვეთილი ხასიათით.

ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა გიორგის შედეგიანობასაც. აღინიშნა, რომ გასულ სეზონში მან კვიპროსულ არისში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ევროტურნირებზეც გამოიჩინა თავი.

გიორგი ქვილითაია: „რა თქმა უნდა, ვიცოდი ამ კლუბის შესახებ და ვუყურებდი მათ თამაშებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ქართველები თამაშობდნენ. მანამდეც ბევრი ქართველი იყო ამ გუნდში, ამიტომ მეცი საქართველოში ნაცნობი სახელია და ბევრმა იცის მის შესახებ.

საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ჩვენ ნაკრებში ყველა ერთად ვთამაშობთ და კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და ვუზიარებთ ერთმანეთს ამბებს, ამიტომ აქ წამოსვლამდე მათთან კომუნიკაცია მქონდა.

ვფიქრობ, კარგი ტექნიკა მაქვს და შემიძლია კარისკენ ზურგით ძალიან კარგად თამაში. შემიძლია დავეხმარო გუნდს წინ წამოსვლაში, მაქვს სხვა თვისებებიც, რაც სპორტულმა დირექტორმა უკვე ახსენა და იმედი მაქვს, დავეხმარები გუნდს მიზნის მიღწევაში, რაც ლიგა 1-ში დარჩენას გულისხმობს.

ჩემი კერპი რონალდინიო იყო, თუმცა როგორც თავდამსხმელისთვის, ალბათ ზლატანი.

ვგრძნობ, რომ გუნდი თავდაჯერებულია. როცა სპორტულ დირექტორს ველაპარაკე, ისიც დარწმუნებული იყო, რომ გუნდი ლიგაში დარჩება. როცა გასახდელში შევედი, იქაც ძალიან პოზიტიური გარემო დამხვდა, ასე რომ მჯერა, ამას შევძლებთ.

ფიზიკურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან კვიპროსში ზამთრის შესვენება არ გვქონია, ამიტომ სრულიად მზად ვარ.''

შეგახსენებთ, ქვილითაიას გარდა მეცში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდის. კლუბი კი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა და 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები