შეცდომა დაუშვეს | რატომ ვერ დახურა ფენერბაჰჩემ ნგოლო კანტეს ტრანსფერი
ნგოლო კანტე საუდის არაბეთში რჩება. ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით „ფენერბაჰჩე“ სერიოზულად ინტერესდებოდა. თურქებს „ალ-იტიჰადთან“ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული, მაგრამ ტრანსფერი უცნაური მიზეზის გამო ჩაიშალა.
„ფენერბაჰჩე“ კანტეს სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს იხდიდა და გარიგებაში იუსეფ ენ-ნესირის რთავდა. მაროკოელი ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასასვლელად ემზადებოდა და „ფენერის“ ბოლო მატჩის შემდეგ, თანაგუნდელებს დაემშვიდობა კიდეც. თურქების წარმომადგენლები საუდის არაბეთში იყვნენ ჩასული და კანტესგანაც ჰქონდათ თანხმობა. პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ერთ-ერთმა მხარემ შეცდომა დაუშვა...
„ფენერბაჰჩეს“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, „ალ-იტიჰადის“ წარმომადგენლებმა ტრანსფერისთვის საჭირო დოკუმენტები TMS სისტემაში (ფიფა-ს პლატფორმა. საერთაშორისო ტრანსფერისას მისი გამოყენება სავალდებულოა. მასში კლუბებმა ერთნაირი მონაცემები უნდა შეიყვანონ და დოკუმენტები ატვირთონ. მაგალითად, კონტრაქტის პირობები, სატრანსფერო თანხა და ა.შ) არასწორად შეიყვანეს. კლუბებმა ფიფა-სგან დამატებითი დრო მოითხოვეს და აპელაცია შეიტანეს, რათა გარიგება დახურონ, მაგრამ უარი მიიღეს.
საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს დაიხურა და შესაბამისად, „ალ-იტიჰადი“ ენ-ნესირის ვერ დაარეგისტრირებს. კლუბები სხვა პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგებაც ჩაიშალა.