პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

პეპის ბოლო სეზონი მან. სიტიში? - ორნშტაინის სენსაციური ცნობა

ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტაინი სენსაციურ დეტალებს აქვეყნებს. შესაძლოა, პეპ გუარდიოლამ მანჩესტერ სიტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს, მიუხედავად ახლახან გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტისა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ცოტა ხნის წინ პეპ გუარდიოლასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა, დევიდ ორნშტაინის ინფორმაციით, ეს მხოლოდ სტრატეგიული სვლა იყო და არა გრძელვადიანი გარანტია.

ორნშტაინის თქმით, სიტის ხელმძღვანელობაშიც კი ბოლო წუთამდე ელოდნენ, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ ერთწლიანი შეთანხმება. კლუბის შიდა წრეებში მიიჩნევენ, რომ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება ერთგვარი ფარი იყო, რათა მწვრთნელი და გუნდი მიმდინარე სეზონში ზედმეტი წნეხისგან დაეცვათ.

„ეს იყო გონივრული და მოსახერხებელი გადაწყვეტილება, რათა გუარდიოლას მშვიდად ემუშავა, თუმცა რეალურად, არსებობს დიდი შანსი, რომ ის ზაფხულში მაინც წავიდეს'' — აცხადებს ჟურნალისტი.

ყველაზე საგულისხმო კი ის ფაქტია, რომ ქალაქელთა მენეჯმენტი გუარდიოლას წასვლას მხოლოდ თეორიულად არ განიხილავს. ირკვევა, რომ მანჩესტერ სიტის უკვე ჰქონდა კომუნიკაცია პოტენციურ კანდიდატებთან, რომლებიც პეპის ვაკანტურ ადგილს დაიკავებენ, თუ ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლას საბოლოოდ გადაწყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ გუარდიოლას კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი რჩება, ორნშტაინის წყაროები მიუთითებენ, რომ 2026 წლის ზაფხული, შესაძლოა, ეტიჰადზე ერთი დიდი ეპოქის დასასრულად იქცეს.

პეპი მანჩესტერ სიტის სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ კლუბის ისტორია სრულიად შეცვალა. ათწლეულზე ნაკლებ დროში ესპანელმა სპეციალისტმა სიტი არა მხოლოდ ინგლისის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის დომინანტ ძალად აქცია. მისი მუშაობის პერიოდი გამოირჩევა ტაქტიკური ინოვაციებით და მანამდე არნახული სტაბილურობით.

გუარდიოლას ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა შესაძლო ტურნირის მოგება მოახერხა. მის აქტივშია ინგლისის პრემიერ ლიგის 6 ჩემპიონობა, მათ შორის ისტორიული შედეგი, როდესაც გუნდმა ზედიზედ ოთხჯერ დაისაკუთრა ქვეყნის უმთავრესი ჯილდო. გარდა ამისა, მან 2-ჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი.

პეპის მანჩესტერული კარიერის მწვერვალი 2022-2023 წლების სეზონი გახდა. სწორედ მაშინ სიტიმ პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, რითაც შეასრულა ცნობილი ტრებლი — მოიგო პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა ერთ სეზონში. ამას მოჰყვა გამარჯვებები უეფას სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

მსგავსი სიახლეები