დიეგო მარადონა, გაბრიელ ბატისტუტა
Aa
Aa

ბატისტუტა: “მარადონა ვერ დავიცავით, ის სიმარტოვეში გარდაიცვალა“

გაბრიელ ბატისტუტამ ბავშვობის ოცნება მაშინ აიხდინა, როცა ეროვნულ ნაკრებში თავის კუმირთან, დიეგო მარადონასთან ერთად ითამაშა.

„ბატიგოლი“ მარადონას კარიერის ბოლო წლებში შეხვდა — 1990-იანების დასაწყისში, თუმცა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინამ საბერძნეთი 4:0 გაანადგურა — ბატისტუტამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მარადონამ კი შესანიშნავი გოლი გაიტანა. თუმცა ეს მისი ბოლო გოლი აღმოჩნდა ნაკრებში — ნიგერიასთან მატჩის შემდეგ მან დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და მას შემდეგ, ეროვნულ გუნდში აღარ უთამაშია.

მარადონას კარიერის ბოლო წლებში ნარკოდამოკიდებულება და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბატისტუტამ მოგვიანებით აღიარა, რომ ნანობს — მეტი რომ არ გააკეთა თავისი კუმირის დასახმარებლად. რიო ფერდინანდის პოდკასტში მან თქვა:

„მას ძალიან ვუყვარდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის კარგ სიტყვებს მეუბნებოდა. ის ჩემი კუმირი იყო. მაშინაც კი, როცა ფეხბურთი არ მიყვარდა, მისი პოსტერი მქონდა ოთახში — და მერე მასთან ერთად ვითამაშე.

ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი საბერძნეთთან იყო — 4:0 მოვიგეთ, მე სამი გავიტანე, მან — ერთი. ეს მისი ბოლო გოლი იყო ნაკრებში.

როცა სამი გოლი გავიტანე, ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტები ჩემთან მოვიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა — მარადონამ მთელი ყურადღება მიიპყრო. ჩემთვის ის დიდი ადამიანი იყო, თავისი პრობლემების მიუხედავად.“

ბატისტუტამ ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის გულწრფელი იყო მასთან:

„ვცდილობდი სიმართლე მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე 10 წლით უფროსი იყო..“

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარადონას რთულ ბავშვობაზეც ისაუბრა:

„ის ძალიან პატარა ასაკში გახდა ცნობილი. ოჯახი მასში გამოსავალს ხედავდა. არავინ ეუბნებოდა „არას“. ყველაფერი ნებადართული იყო — ეს დიდი შეცდომა იყო.“

ბოლოს ბატისტუტამ გულწრფელი სინანულიც გამოხატა:

„სამწუხაროა, რადგან ის დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მარტო გარდაიცვალა. ჩვენ საკმარისი არ გავაკეთეთ მის დასაცავად. ეს ის თემაა, რაზეც ფიქრი არ მიყვარს, რადგან მეც ვადანაშაულებ საკუთარ თავს. თუ ვინმე გიყვარს, უნდა დაეხმარო მაშინაც კი, როცა ეს რთულია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები