კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ალ ჰილალი, ალ ნასრი
Aa
Aa

ბენზემა ალ ჰილალში | რონალდუ უსამართლო მიდგომაზე საუბრობს

საუდის არაბეთის ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეს დრამატული მოვლენები კარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ განვითარდა.

38 წლის ფრანგი ფორვარდი „ალ-იტიჰადისგან“ ახალ კონტრაქტს ითხოვდა, თუმცა შეთავაზებულმა ხელფასმა არ დააკმაყოფილა. მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურებოდა და ერთი თვის წინ მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კარიმმა ლიგისგან პირველი წინადადება მიიღო. საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთში ფეხბურთელების დამსაქმებელი არა კლუბები, არამედ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც ჩემპიონატსა და წამყვან კლუბებს აფინანსებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს ლიგის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის სტრუქტურა არ მოეწონა. L’Equipe-ი წერს, რომ კონტრაქტში არ იყო გაწერილი ფიქსირებული ხელფასი და ბენზემას მთელი შემოსავალი მხოლოდ საიმიჯო უფლებებზე იყო დამოკიდებული. ბენზემამ ეს გარემოება „უპატივცემულობად მიიღო“ და ჩათვალა, რომ მას „უფასოდ თამაშს“ სთავაზობდნენ.

ფრანგმა თავდამსხმელმა „ალ-იტიჰადში“ თამაშზე უარი თქვა, ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და ინდივიდუალურად ივარჯიშა, მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაუმ კი საჯაროდ აღნიშნა, რომ გუნდში „ხელმისაწვდომი ფეხბურთელების დეფიციტია“. ბენზემამ ორი მატჩი გამოტოვა, მისი აგენტები კი სხვა კლუბებს დაუკავშირდნენ - აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგი წელიწადში 50 მილიონ ევროს იღებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენზემას პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნება ან მლს-ში გადასვლა იყო, თუმცა „იუვენტუსის“ ზედაპირულ ინტერესს თუ არ ჩავთვლით, საქმე ამ მიმართულებით წინ არ წასულა, შემდეგ კი გამოჩნდა „ალ ჰილალი“.

ბოლომდე გაურკვეველია, როგორ განხორციელდა ეს ტრანსფერი, ვინაიდან საუდის არაბეთის ყველა ტოპკლუბი ერთ საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის, თუმცა „ალ ჰილალმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე „თავისუფალი ტრანსფერი“ უკვე დაადასტურა - ფრანგმა ფორვარდმა წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, მომხდარმა ძალიან გააბრაზა კრიშტიანუ რონალდუ. „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ლიდერი მიიჩნევს, რომ ასეთი ტრანსფერი კონკურენციას კლავს, ვინაიდან „ალ-ჰილალი“ გუნდის გასაძლიერებლად „ალ-ნასრზე“ მეტს ხარჯავს. კრიშტიანუს მიაჩნია, რომ „ალ-ჰილალი“ საინვესტიციო ფონდის მთავარი ფავორიტია. ამის გამო პორტუგალიელმა „ალ-რიადთან“ მატჩიც გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს პროტესტი | კრიშტიანუ ალ-ნასრის მომდევნო მატჩის გამოტოვებას აპირებს
რონალდუს პროტესტი | კრიშტიანუ ალ-ნასრის მომდევნო მატჩის გამოტოვებას აპირებს