„ვალენსია მუდამ ჩემს გულში დარჩება“ | მამარდაშვილი ღამურებსა და ქომაგებს დაემშვიდობა
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც უახლოეს პერიოდში „ლივერპულს“ შეუერთდება, სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და „ღამურებს“ და მათ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ვალენსიაში რომ მოვედი, ბევრმა იფიქრა, რომ ეს ცდა იყო. და მეც ვცადე. პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ფეხბურთის თამაში დავიწყე. არც ხმაური იყო, არც კამერები. უბრალოდ თამაში... რაღაც შიგნიდან მეუბნებოდა: „დარჩი აქ, ეს შენი ადგილია“.
როცა გრძნობ, რომ რაღაც შენშია, უკან არ უნდა დაიხიო. აზროვნება ეს არის შრომა, რომელიც მოითხოვს სიძლიერესა და გამბედაობას. მეკარეობა პირველ რიგში აზროვნებაა. წამში უნდა მიიღო გადაწყვეტილება და აიღო პასუხისმგებლობა. როცა ამას სწავლობ, დრო შენს მხარეს გამოდის.
ბევრი წაგება იყო, ბევრი შეცდომა, მაგრამ ერთხელაც არ მიფიქრია, რომ ამას ვერ შევძლებდი, რადგან მაშინაც კი, როდესაც გარედან ჩუმად ხარ, შიგნიდან შეიძლება, იბრძოდე. დღიდან დღემდე, თამაშიდან თამაშამდე, დარტყმიდან დარტყმამდე ვსწავლობდი, ვიზრდებოდი და ვიმარჯვებდი.
ვალენსია მუდამ ჩემს გულში დარჩება. კლუბი, მესტალია და რაც მთავარია, გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის შენ გვერდით დგას. ქალაქი, რომელმაც დიდ ფეხბურთში პირველად გამიღო კარი. წინ უფრო დიდი სცენებია, სხვა ფერები, სხვა ჰორიზონტები. როცა შენი თავის გჯერა, ბარიერი აღარ არის დაბრკოლება. ის ხდება ნიშნული, რომელსაც იცი, რომ დაძლევ. არც წასვლით ვიღლები, არც მომავალს ვუყურებ შიშით. ეს თამაში ჯერ არ დამთავრებულა. მე ვარ გიორგი მამარდაშვილი და მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“,- განაცხადა მამარდაშვილმა.
ცნობისთვის, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა მამარდაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ ის „ღამურების“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.